ივერი მელაშვილისა და ნატალია ილჩოვას გათავისუფლება ნიშნავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას. მათ უბრალოდ საპატიმრო დატოვეს და რჩებიან ბრალდების ქვეშ, ხოლო საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებს სასამართლო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საპატიმრო სასჯელის შეცვლა არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები გამართლდნენ, იმ ბრალდებაში რაც მათ წაუყენა პროკურატურამ. „უბრალოდ პროკურატურამ გამოძიება ამ ნაწილში დაასრულა და საქმე გადასცა სასამართლოს და საბოლოო ვერდიქტი არის სასამართლოს გამოსატანი. პროკურატურამ თქვა რომ მტკიცებულებებით არის ბრალდება დამაგრებული. რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოზე მყარი პოზიციებით მიდიან და მათ თქვეს, რომ პრაქტიკულად იდენტიფიცირებულია პირთა წრე ვინც ამ საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დავალებებს აძლევდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი შეფასებით, მედიასთან ივერი მელაშვილის მიერ გაკეთებლი განცხადება იყო უმძიმესი. „მე არ მინდა ჩემს ქვეყანას მოლაპარაკებებზე წარმოადგენდეს ადამიანი, რომ რაც განიხილებოდა იმ საკითხების თავადაც არ სჯერა, რაც აზერბაიჯანულ მხარესთან უნდა ემტკიცებინა. შესაბამისად, განცხადება რომელიც მოვისმინეთ იყო უმძიმესი, მე მეტ დეტალებში ვერ შევალ და საბოლოო ვერდიქტს იტყვის სასამართლო“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.