არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 60% აიცრას

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 60% აიცრას

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთავრობას დაუდასტურა, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში, თებერფრვალში მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში აიცრებიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვთ და არიან კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე, შემდეგი მიზანია, რომ მოსახლეობის მინიმუმ 60% აიცრას.

„ამას ვამბობ იმიტომ, რომ ვაქცინასთან პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების დაბრუნების, გახსნის და გააქტიურების გეგმები. ხელისუფლებამ ძალიან თანმიმდევრულად იმუშავა და შედეგიც გვაქვს - დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს გახსნის ტემპებზე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.