მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გაფიცულ კვების ობიექტებს სოლიდარობას უცხადებს

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გაფიცულ კვების ობიექტებს სოლიდარობას უცხადებს

დღეს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ ბიზნესის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას სოლიდარობა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" გამოუცხადა.

სოციალურ ქსელში აღნიშნულ აქციას გამოეხმაურა „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

„სოლიდარობას ვუცხადებთ დღეს გაფიცულ 200-ზე მეტ კვების ობიექტს, ბიზნესს, რომელიც არაადეკვატური, ხანგრძლივი და მკაცრი შეზღუდვების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სტრატეგია, მოსახლეობის ვაქცინაციის, ქვეყნის სწრაფად გახსნის და ბიზნესის ამუშავების კონკრეტული გეგმა. „ლელომ“ ჯერ კიდევ თვეების წინ შეიმუშავა ანტიკრიზისული პროგრამა; ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ მისი განხორციელებისთვის და ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და დახმარება" - წერს მამუკა ხაზარაძე.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.