ახლა ნათელია, რომ საქართველოში არსებობს ორი საქართველო, ერთი რეალური, რომელშიც დავით გარეჯი არის, იყო და იქნება სამუდამოდ და მეორე საქართველო არის მოგონილი. არის საქართველო სადაც არსებობს მორალი, სინდისი, კამათი, მაგრამ არის მეორე საქართველო, სადაც არაფერი არსებობს სააკაშვილის გარდა, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.
„მინდა მოგიყვანოთ მაგალითი, რომელიც დაადასტურებს, რომ ესენი არიან გამგრძელებლები იმის, რაც იყო სერგო ორჯონიკიძე, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, რომ რა მნიშვნელობა არ აქვს რა ენაზე ისწავლიან მარქსიზმოსო. ზუსტად იგივე მომენტია დღეს.
13 ასურელი მამა შემოვიდა საქართველოში და ყველა მათგანმა საქართველოს ტერიტორიაზე მონასტერი დაარსა. ამიტომ ამ საკითხის განხილვა შეიძლება მხოლოდ ერთობლიობაში, დავით გარეჯი არ არის ცალკე არსებული მოვლენა, ისტორიული ძეგლი, ეს არის იმ დიდი მოღვაწეობის შედეგი, იმ ლეგენდარული სასულიერო პირების მოღვაწეობის შედეგი, რომლებმაც მთელ საქართველოში სამონასტრო ცხოვრებას საფუძველი ჩაუყარეს.
მსოფლიოში, მეექვსე საუკუნიდან მეოცე საუკუნემდე არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე საქართველოს გარდა არსებობდა გარეჯი. აზერბაიჯანი დღევანდელი სახით შეიქმნა 1918 წელს და მაშინაც, როცა ის შეიქმნა, მის ტერიტორიაზე გარეჯი არ ყოფილა.
ბოლშევიზმის მწვერვალი რომ იყო, 37-38 წელი ყველას კარგად გვახსოვს რა წლებია, მაშინაც კი ბოლშევიკურმა მთავრობამ, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო ორჯონიკიძე, ვერ გაბედა და ვერ მოწყვიტა საქართველოს დავით გარეჯი. ახლა მელია გამოდის და აცხადებს, რომ ივერი მელაშვილი არის პატრიოტი, უტეხი, მაგრამ რომელი ქვეყნის პატრიოტია, ეგ არის ჩემთვის საინტერესო“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.
7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.