ძალიან მძიმე სურათს ქმნის ის, რომ ოპოზიციის გარკვეულმა დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საქართველო აიყვანოს მძევლად, - ამის შესახებ მედიასთან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია სამართლიანი შეფასების გაკეთება, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის ნაწილს აქვს. „თუკი ოპოზიცია არ ერთვება ამ საკითხებში, საგამოძიებო კომისია უნდა იყოს კომპეტენტური და ამაში უნდა ჩაერთოს არა მარტო „ქართული ოცნება“, არამედ ექსპერტთა, საერთაშოროსო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი. რასაკვირველია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი აღმოჩნდება რომ 1% გადახრა მაინცაა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშინ საფუძველი ექნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
11 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვლის პირველივე კვირაში, საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, შემდეგი არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.