ადამიანი, რომელიც იარაღის ტარებისთვისაა გასამართლებული და ამ მუხლის ამნისტირება რომ მოხდეს, ეს აჩენს რისკს, რომ ბრუნვაში გაჩნდეს უკანონო იარაღი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია სხვა შესაძლო დანაშაულების ჩადენასთან მიმართებაში, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ოხანაშვილს მიაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაბალანსებულია.
„ვფიქრობ, მეორე მოსმენის ფარგლებში მივიღეთ დაბალანსებული მოდელი - ერთი მხრივ, კონკრეტული პირებისთვის შეღავათის გაწევასა და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას შორის. ბალანსი დაცულია, რომ ერთი მხრივ, კონკრეტულ პირებს შეღავათი გაეწიოთ და მეორე მხრივ, ეს ისე მოხდეს, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისა და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. ეს სულისკვეთებაა ამ პროექტში და ამიტომ, არ ეხება მკვლელობას, წამებას, გაუპატიურებასა და ისეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს, რომლებიც ქმნიან რისკს გარკვეული უსაფრთხოების თვალსაზრისით.
რაც შეეხება სამომავლო რისკებს, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ამნისტიის აქტის გამოცხადება და შესაძლებელია გარკვეული რისკები თან ახლდეს, თუნდაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ამნისტირება მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიცია, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებენ და ამ რისკის წინაშე ჩვენი საზოგადოება არ უნდა დადგეს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
დღეს საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.