თურმე „პატრიოტთა ალიანსის“ პირველი ოთხეული ყოფილა პრორუსული, თურმე მხოლოდ თავია პრორუსული და კუდი არაპრორუსული? - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის 4 წევრის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაში პოზიტიურია ის, რომ საქართველოს პარლამენტში ღიად პრორუსული ორიენტაციის ძალები არ იქნებიან.
როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, მდინარაძის ეს განცხადება არასერიოზულია.
„გვაოცებს „ქართული ოცნება“ თავისი არასერიოზული განცხადებების სიმრავლით. რომელი იყო უფრო არასერიოზული, წინა გამონათქვამები თუ ეს, წლის ბოლოს აიკინძება შემაჯამებელ გადაცემაში და ეს ერთ-ერთ მოწინავე ადგილს დაიკავებს. თურმე „პატრიოტთა ალიანსის“ პირველი ოთხეული ყოფილა პრორუსული, მაგრამ მეორე ოთხეული ყოფილა ანტირუსული, ან არაპრორუსული. მეორე ოთხეულში ერთ-ერთი ის დეპუტატიც არის, რომელიც ჩემს დროსაც იყო დეპუტატი, ანუ პრორუსულ ნაწილად მოიაზრებდა ვინც ეს განაცხადა, ალბათ დაავიწყდა, რომ ამ ოთხეულში ერთ-ერთი იმ შემადგენლობიდანაც არის. არასერიოზული განცხადებაა იმიტომ, რომ როდესაც შემოდიხარ „პატრიოტთა ალიანსის“ სიით და ხარ მისი დამფინანსებელი, ე.ი აღიარებ შენ მის იდეოლოგიას, მის ქმედებას და მის ნაბიჯებს, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ დგამდა, როდესაც რუსეთში ჩადიოდა“, - განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტში, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული დეპუტატებით, მილიონერთა რიცხვი სულ მცირე სამით გაიზრდება. „სულ მცირე სამი მილიონერით გაიზრდება პარლამენტში მილიონერთა რიცხვი. მე როცა ვიყავი წინა პარლამენტში, 27 მილიონერი იყო ოფიციალურად. არაოფიციალურად ალბათ ერთი იმდენი, მაგრამ დეკლარაციაში ვინც გამოაჩინა თავისი მილიონები 27 იყო. ახლა ლეგალურად სამი კაცი დაემატება. ეს პარტია თავისი პრაქტიკითა და იდეოლოგიით გამოხატული სატელიტია „ქართული ოცნების“ და ბუნებრივია, ეს მოსალოდნელი იყო. სხვათა შორის, ჩემს პარტიაშიც ბევრს არ სჯეროდა როცა ეს პროცესები მიდიოდა და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მოხდებოდა, ოღონდ ეს მოხდა ძალიან ტექნიკურად, ეშმაკური და ლამაზი ფორმით. იმ ფორმით, რომ „პატრიოტთა ალიანსიც“ კი არ დაერქმევა ამ ჯგუფს. ეს იქნება ერთი მედლის ორი მხარე, ანუ ერთი, რომელიც იქნება გარეთ და თავის პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს და მეორე იქნება შიგნით სახეშეცვლილი ფორმით“, - განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.