დავით ზილფიმიანი: თუ ვინმეს რამის თქმა უნდა, აგერ ვარ და მითხრას, ეს ჭორაობა და კეკელობა უნდა დავამთავროთ

დავით ზილფიმიანი: თუ ვინმეს რამის თქმა უნდა, აგერ ვარ და მითხრას, ეს ჭორაობა და კეკელობა უნდა დავამთავროთ

„ჩემი ღრმა მრწამსი იყო და ეს შესანიშნავად იცოდა ირმამ, მე დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც მათ გადაწყვიტეს, რომ თვითონ არ შედიან, ჩემი შესვლა მას მხოლოდ გაუხარდა“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა დავით ზილფიმიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გარდუსში“ განაცხადა.

როგორც ზილფიმიანმა აღნიშნა, არ შეიძლება მართვის სადავეების დატოვება ოპონირების გარეშე.

„რისი თქმა უნდათ, ჩემზე მეტად უყვართ საქართველო? ძალიან ბევრი ნიჭიერი, კარგი პოლიტიკოსია, მათ შორის, ოპოზიციაში, მაგრამ ბევრია პოლიტიკანი და მათზე ვამბობ სიტყვა კეკელაობას, ეს კეკელაობის დონეა. მე ვესაუბრე ჩემს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, ბევრ ადამიანს, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. მე ვთვლი, რომ არ შეიძლება მართვის სადავეების დატოვება ოპონირების გარეშე“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

რაც შეეხება განცხადებებს იმის შესახებ, რომ მათი პარლამენტში შესვლა ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოხდა, ზილფმიანის თქმით, ეს შეურაცხმყოფელია.

„ეს შეურაცხმყოფელია. მე აუცილებლად მექნება ხოლმე ძალიან მკვეთრი და მკაცრი რეაქცია ამაზე იმიტომ, რომ არავის მივცემ უფლებას. როგორ წარმოგიდგენიათ, მე გარიგებით გამეკეთებინა რამე? ადამიანს, რომელიც მართვადი არასოდეს ყოფილა! ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რამის თქმა უნდა, აგერ ვარ მე და მითხრას. ეს ჭორაობა და კეკელობა უნდა დავამთავროთ“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილება ცნო.