ლევან რატიანი: სახელმწიფო მიდგომამ განაპირობა ის, რომ კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ ფოტოსურათები ვნახე, რა ხდებოდა თბილისის სავაჭრო ქსელებში

ლევან რატიანი: სახელმწიფო მიდგომამ განაპირობა ის, რომ კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ ფოტოსურათები ვნახე, რა ხდებოდა თბილისის სავაჭრო ქსელებში

ბოლო ათი თვეა, პირადი მე და გრძნობა არ გამაჩნია, გარდა პაციენტებისა. სიმართლე გითხრათ, როგორ გავიდა ეს 10 თვე, არ ვიცი, საავადმყოფოს კედლებს გარეთ არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა.

„სახელმწიფო მიდგომამ განაპირობა ის, რომ დღეს კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ამ 2-კვირიანმა ჩაკეტვამ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა და კოვიდპაციენტების მომართვიანობა ჩვენს კლინიკაში მკვეთრად შემცირდა. ჯანდაცვის სფერომ ამოისუნთქა, დღეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ბოლო 10 თვის გამავლობაში, კლინიკაში 5 თავისუფალი ადგილი გვქონდა, მაგრამ, რაც რამდენიმე დღის წინ, ფოტო სურათები ვნახე, რა ხდებოდა თბილისის სავაჭრო ქსელებში, თუ ასე გაგრძელდა, დიდი შანსია, რომ ინფექცია კვლავ გავრცელდეს. იმედი მაქვს ეტაპობრივად, ყველანი ერთად ყველაფერს დავამარცხებთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 221 605 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 203 547-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 377 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.