ალექსანდრე გოგინავა: საქართველოს სტატისტიკიდან გამომდინარე, ერთი დღისთვის 38 ახალი შემთხვევა ბევრია

ალექსანდრე გოგინავა: საქართველოს სტატისტიკიდან გამომდინარე, ერთი დღისთვის 38 ახალი შემთხვევა ბევრია

ერთი დღისთვის 38 ახალი შემთხვევა, საქართველოს სტატისტიკიდან გამომდინარ ბევრია, როდესაც ჩვენ მყარად ცოტა შემთხვევები გვქონდა დღის განმავლობაში. მაგრამ ერთი დღით ვერ ვიმსჯელებთ სამომავლოდ რა იქნება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „რადიო პალიტრას“ ეთერში განაცხადა.

„საჭიროა დინამიკაში ამ ყველაფერზე დაკვირვება. მნიშვნელოვანია დინამიურად როგორ წავა პროცესი ხვალ, ზეგ, შემდეგ დღეებში, რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება, განსაკუთრებით იმ ახალ ეპიდაფეთქების ცხელ კერაში, სადაც დაფიქსირდა ძირითადი შემთხვევები. ვნახოთ დავაკვირდეთ და დინამიკაში უდნა შეფასდეს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.