რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი რიგი სახელმწიფოების მხრიდან ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობებს გმობს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ვგმობთ ზეწოლის იმ მცდელობებს, რომელსაც ახლა რიგი სახელმწიფოები ბელარუსის კანონიერ ხელისუფლებაზე ახორციელებენ. ბელარუს ხალხსა და ბელარუსის ხელმძღვანელობას თავზე ახვევენ შუამავლობის საეჭვო იდეებს, მათ შორის ეუთოს ხაზით“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი და ნატო ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დესტრუქტიულ განცხადებებს აკეთებენ.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.
17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“. მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.