ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ კიდევ რომ გვესმის ხელოვნური ბარიერების, ბორდერიზაციის გაგრძელების შესახებ და ხელოვნურად ამ კედლის მოწყობაზე, ეს ძალიან არაადამიანური პროცესია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხდა. მისი თქმით, ბერლინში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.
„ჩვენ ვაკვირდებით ამ მოვლენებს, რაც გამყოფ ხაზთან ხდება. ის, რაც ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობის მიერ ხორციელდება საკმაოდ მახინჯი და არასწორი პროცესია. ვხედავთ ადამიანების უფლებების დარღვევებისა და მათი მძიმე მდგომარეობის ფაქტებს. ვაფიქსირებთ, რომ ეს შეინიშნება ცხინვალში და ვაგრძელებთ დაკვირვებას ამ პროცესში", - განაცხადა მან.
1-ელ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება.