ამირან გამყრელიძის თქმით, დღეისათვის ქვეყანაში 15 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეისათვის ქვეყანაში 15 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

დღეისათვის დაახლოებით 15 პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილი არ გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეისათვის დაახლოებით 15 პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილი არ გვაქვს. რაც შეეხება შემოტანილ შემთხვევებს, სერიოზულ საფრთხეს აქ სატვირთო ავტომობილების მძღოლები წარმოადგენენ. ამ დროისთვის დაახლოებით 150 შემთხვევა გვაქვს ასეთი დაფიქსირებული. დღეში 500-მდე სატვირთო ავტომობილი შემოდის და საზღვრებზე მძღოლების შემოწმების მექანიზმი საკმაოდ კარგად მუშაობს. PCR-ტესტების მარაგი ამ დროისთვის 120 000 კომპლექტს შეადგენს. სექტემბერში დაახლოებით კიდევ 500 000 ტესტის მიღებას ველოდებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.