რასაც მიხეილ სააკაშვილი მძიმე შეცდომებს უწოდებს, სამართლებლივ დონეზე მძიმე დანაშაულია, რომლისთვისაც ყოფილი პრეზიდენტისა და მისი გუნდის არაერთ წევრს საქართველოში სხვადასხვა საპატიმრო სასჯელი აქვთ მისჯილი. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხდა. თეა წულუკიანის თქმით, სააკაშვილის მიერ მოხდილი ბოდიში ყალბია.
„რაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილი ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს და გვეუბნებოდეს, რომ დაბრუნდება და მალე მთელი ქვეყანა თვითონ იქნება, რა თქმა უნდა, ის ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში, ქართული კანონის წინაშე. თუ კი ის წინასაარჩევნოდ დაბრუნდება, რა თქმა უნდა დაკავების პროცედურები შედგება საქართველო სახელმწიფო საზღვარზე. რაც შეეხება მის ექსტრადიციას ჩვენ მრავალჯერ, ჯერ კიდევ მთავარი პროკურატურის პირობებში, შემდეგ უკვე ახლა, როცა სრულიად დამოუკიდებელია სამინისტროსგან გენპროკურორი და პროკურატურა, ცდილობდნენ პროკურორები მის დაბრუნებას, თუმცა უკრაინის სახელმწიფომ არაერთხელ უმიზეზოდ უარი უთხრა საქართველოს სააკაშვილის ექსტრადიციაზე. თუმცა ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას აგდებენ, რომ მისი ადგილი უკვე აღარ არის უკრაინაში და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ ის საუბრობს საქართველოში დაბრუნებაზე, რადგან სხვაგან წასასვლელი აღარ აქვს“, - განაცხადა წულუკიანმა.
აგვისტოს ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას შეცდომებისთვის ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სამშობლოში ბრუნდება.