3 მილიარდი ვაჩუქე ქვეყანას, ხელფასს მითვლით? - შალვა ნათელაშვილი პარლამენტში აღებულ 200 ათას ლარიან ხელფასზე

3 მილიარდი ვაჩუქე ქვეყანას, ხელფასს მითვლით? - შალვა ნათელაშვილი პარლამენტში აღებულ 200 ათას ლარიან ხელფასზე

"2008 წელს თქვენ იყავით დეპუტატი, აგირჩიეს, 6 თანაპარტიელთან ერთად მოხვდით პარლამენტში. თქვენ, როგორც სხვა პარტიებმა, ბოიკოტი გამოუცხადეთ სააკაშვილის გუნდს და თქვენი მანდატები დახიეთ, გაანადგურეთ. დეპუტატის ხელფასს რატომ იღებდით მომდევნო 4 წლის განმავლობაში?",- წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში 2008-2012 წლებში პარლამენტში აღებულ ხელფასზე განაცხადა, რომ აღებული ხელფასი ეკუთვნოდა.

"იმიტომ, რომ დეპუტატად არჩეული ვიყავი და ხელფასი მეკუთვნოდა. დეპუტატობაზე არა, პარლამენტში შესვლაზე ვთქვი უარი, მაგრამ დეპუტატობის შეწყვეტაზე უარი გვითხრა ჩვენ პარლამენტმა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წამყვანის მიერ "ღამის კურიერში" დასმულ კითხვას "დეპუტატის ხელფასი მაშინ 50 000 ლარი იყო. 200 000 ლარი აიღეთ იმისათვის, რომ არ გევლოთ პარლამენტში?" "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა უპასუხა:

"მე უფასო საშუალო განათლება ვაჩუქე ჩემს ქვეყანას და რამდენიმე მილიარდი ლარი ვაჩუქე. ჩვენ რომ დენის ტარიფი დავაგდეთ 7 თეთრამდე და 11 თეთრამდე თბილისში 3 წელი 3 მილიარდი ვაჩუქე და ხელფასს მითვლით? 30 წელი პოლიტიკაში ნამყოფ პიროვნებას უთვლიან რამდენი მოიპარა, ბიუჯეტიდან რამდენი წაიღო, რამდენი ჩუმი ბიზნესი გაიკეთა, რამდენი ქონება სხვის სახელზე გაიფორმა. დამითვალეთ კი ბატონო," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის 2008-2012 წლებში პარლამენტში არც ერთ სესიას არ დასწრებია.