სამართლებრივი თვალსაზრისით სახელმწიფო „ფრონტერასთან“ მოგებულია. ამ თვალსაზრისით მთავრობას არაფერი ჰქონდა დასათმობი, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში გამტყუნდა. დაახლოებით 7 მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი და ეს მთავარი ინდიკატორია იმისა, რომ კომპანია ეს საქმე წააგო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომისტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა.
„ფრონტერასთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ პოლიტიკას გვერდზე გადავდებთ, სამართლებრივი თვალსაზრისით სახელმწიფო „ფრონტერასთან“ მოგებულია. ამ თვალსაზრისით მთავრობას არაფერი ჰქონდა დასათმობი, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში გამტყუნდა. დაახლოებით 7 მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი და ეს მთავარი ინდიკატორია იმისა, რომ კომპანია ეს საქმე წააგო. თუმცა, ამაში იყო პოლიტიკური ნაწილიც. ჩვენ ვხედავდით, რამდენი წერილი მოდიოდა აშშ-ის კონგრესიდან, რაც ჩვენს საინვესტიციო იმიჯს აზიანებდა. ყველა ვერ ერკვევა სიტუაციაში და კონგრესმენებიც, რომლებიც დროდადრო წერილებს აგზავნიდნენ, მხოლოდ საქართველოზე ხომ არ ფიქრობენ - მათ უნდა იზრუნონ თავიანთ შტატებზე, ამომრჩევლებზე, გადაჭრან მსოფლიოში არსებული სხვა პრობლემებიც. აქედან გამომდინარე, ეს წერილები ხშირად არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მისცეს ოპერირების საშუალება იმ 1%-ზე, რომელიც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ამ მონაკვეთზე ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მიმდინარეობს, ეს უმნიშვნელო წილია. ამით სახელმწიფო არც რამეს კარგავს და არც იძენს. ეს უფრო სოციალური პროექტია, ვინაიდან თუ „ფრონტერა“ დაბრუნდება, ის გაისტუმრებს დავალიანებას, რომელიც იქ მომუშავე ხალხის მიმართ აქვს, და კვლავ დაასაქმოს ისინი. ჩემი ინფორმაციით, საუბარია 11 თვის ხელფასებზე და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.