„როგორ მართლდება ამ ძნელბედობისას კარგი ქართული ანდაზები, რომ „კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს“ და „არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა" - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
"დესტრუქციული ოპოზიციის და მასთან აფილირებული მედიის თუ ორგანიზაციების სინდისის ჯებირი იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე გაძლო და უსინდისობის ნიაღვრის მოწოლით ჩამოიშალა. გარღვეულ ჯებირს იქით კი გამოჩნდნენ ცნობილი სახეები. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საგანგებოდ გაესვა ხაზი, რომ მედიის თავისუფლება არ შეიზღუდებოდა, რაც ცნობილმა ტელევიზიებმა და წამყვანებმა სათავისოდ და ვიტყოდი ბოროტად გამოიყენეს.
როდესაც „მიამიტად“ აცხადებ, რომ ჟურნალისტს უფლება აქვს დასვას კითხვა თემაზე, რომელზეც საზოგადოების მომეტებული ინტერესი არსებობს და ამით ცდილობ შეფუთო პირდაპირ ეთერში მოწყობილი სრულიად აშკარა პროვოკაცია რესპოდენტის ფსიქოლოგიური წონასწორობიდან გამოსაყვანად, თან თემას აშკარა პოლიტიკური კონტექსტი მისცე, საზოგადოების წესიერი და გონიერი ნაწილი ამას არ გაატარებს.
როდესაც წერ, რომ ხელისუფლება შეგნებულად მალავს კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობას, აწყობ ისეთ პროვოკაციებს როგორც ზუგდიდში, იგონებ ათასგვარ საზიზღრობებს, რომ საზოგადოება როგორმე პროტესტზე წამოიყვანო, საზოგადოების წესიერ და გონიერ ნაწილს ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.
სულ უფრო აშკარად იკვეთება იმის ნიშნები, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ცდილობს კორონავირუსის პანდემია საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის გამოიყენოს. უკვე დაეწყოთ „წამოცდენები,“ რომ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე უფრო ადვილია რევოლუციის მოწყობა და ა.შ.
გამოდის, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს უკვე ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა - ერთი კორონავირუსის პანდემიასთან და მეორე პირობითად „კორონაცების“ გაერთიანების შემოტევასთან."