ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ბ-ნმა ლელომ, ანუ ბანკირმა მამუკამ - „მიზანშეწონილია ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად მოემზადოსო!“ - ბრძანა. რაც მთავარია, დასძინა: ამ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის - „ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებ შეიქმნას ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭოო!“
გასაგებია, რომ ბ-ნი ლელო, როგორც მოწოდებით ბანკირი და პროფესიით ინჟინერი, სამართალში და მაშასადამე საგანგებო მდგომარეობის საკითხებშიც, ხეირიანად ვერ ერკვევა. უფრო სწორედ, ისე ერკვევა, როგორც - ცხვარი აფთიაქში! მაგრამ ეს განცხადება რომ გააკეთა, დიდი ამბით დიადი უსუფაც ედგა გვერდში, ის კი სამართლის ცნობილი კორიფე და ასია!
ბ-ნმა ლელომ თუ არა, უსუფამ ხომ მაინც მშვენივრად იცის, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების "გამაერთიანებელი" ე.წ. ინტერპარტიული საბჭოს შექმნა და საგანგებო მდგომარეობისთვის ამ საბჭოთი მზადება, იმას ნიშნავს, ერთი ფეხით მოუზომავი ნაბიჯი ალთას გადადგა, მეორე ფეხით კი, თანაც არანაკლები ამპლიტუდით, დიამეტრულად საპირისპიროდ - ბალთას. ამას კი „შპაკატში“ ისეთი მწარე ჩაჯდომა მოჰყვება, რომ შეიძლება მართლაც ნაკერავზე გასკდე.
კარგი, ვთქვათ "პოლიტიკური ექვილიბრისტიკის" ეს ანა-ბანა პოლიტიკაში ჭიპმოჭრილ უსუფასაც დაავიწყდა, მაგრამ სამართლის ასს ის ხომ მაინც უნდა ახსოვდეს, რომ საგანგებო მდგომარეობისას აღარც არჩევნები და აღარც წინასაარჩევნო კამპანია აღარ ტარდება? მეტიც: შეიძლება პოლიტიკური პარტიების საქმიანობა საერთოდაც შეიზღუდოს და სულაც შეჩერდეს კიდეც!
რასაკვირველია, საქართველოს მთავრობა სრულიად ადექვატურ, თუმცა განსაკუთრებულ ზომებს იღებს პანდემიის პირობებში მოსახლეობის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მინიმალური დანაკარგებით ამ მძიმე ვითარების გასამკლავებლად, რაც ისედაც სავსებით ლეგიტიმური და კანონიერია ყოველგვარი საგანგებო მდგომარეობის, ე.ი. ხელისუფლების ორგანოების ეფექტიანი მოქმედებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებების შეზღუდვის გარეშეც!
ერთადერთი ძირითადი უფლება, რაც ახლა პირდაპირ, უშუალოდ და არსებითად იზღუდება, გადაადგილების თავისუფლებაა. ასეთ შეზღუდვას ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ითვალისწინებს კონსტიტუციაც (იხ. კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი) და კანონები:“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესხებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, ამიტომაც ვიმეორებ - ყოველგვარი საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ლეგიტიმური და კანონიერია!
ბ-ნი ლელოს მიერ შემოთავაზებული „საგანგებო მდგომარეობისთვის მზადება“, ნიშნავს: მოვემზადოთ გადაადგილების თავისუფლებასთან ერთად, რაც უკვე შეზღუდულია, სხვა ძირითადი უფლებების პირდაპირი, უშუალო და არსებითი შეზღუდვებისა და იმავდროულად, ამ შეზღუდვების ფონზე მთავრობის დამატებით, სპეციალური და საგანგებო უფლებებით აღსაჭურვად, თუმცა ლელოს ასეთი სგანგებო რწმუნებები, ცხადია, მთავრობისთვის არ ემეტება და "ინტერპარტიული საბჭოსთვის" კი ისე მოითხოვს, არც თვითონ წითლდება და არც დიდი უსუფა!
არადა, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მძიმე ტვირთია: ამ დროს, შეიძლება, საგანგებო მდგომარეობის თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულებით (რომელიც მთავრობის წარდგინებით მიიღება და საჭიროებს პარლამენტის მიერ დამტკიცებას 48 საათის განმავლობაში) პირდაპირ აიკრძალოს შეკრებები, არსებითად შეიზღუდოს პარტიების და გაერთიანებების თავისუფლება, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ამ დროს შეიძლება შეჩერდეს მთელი რიგი კანონების მოქმედება და მათ მაგივრად პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი დეკრეტებით და ამავე მთავრობის მეშვეობით, მართოს ქვეყანა. შეიძლება ამოქმედდეს კომენდანტის საათი, დაწესდეს მკაცრი პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის და ა.შ.
რაც მთავარია, არავითარი არჩევნები აღარ ჩატარდება, ბუნებრივია, ყველა წინასაარჩევნო ღონისძიებაც შეჩერდება, ვიდრე საგანგებო მდგომარეობა ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებითა და პარლამენტის თანხმობით არ გაუქმდება.
რა სურს სინამდვილეში ბატონ ლელოს? საგანგებო რწმუნებები ინტერპარტიული საბჭოსთვის, რომელსაც თვითონ შექმნის? იქნებ ინტერპარტიული საბჭოს შეკრებით არჩევნების გადადება და წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად შეწყვეტა? ან გადაადგილების თავისუფლების გარდა, რაც დღეს ისედაც საკმარისად იზღუდება, რომელი ძირითადი უფლების პირდაპირ შეზღუდვაა მის გეგმებში?! თუ არაფერი მსგავსი ფიქრად არ მოსვლია, მაშ რა უნდა?! იქნებ - მთავრობა ძალიან ეფექტიანად მოქმედებს და მოდი, რამენაირად მეც ნახირ-ნახირო? ჰოდა, ფეხიც გამოყო - ერთი- ორს მეც ვიტყვი, მერე რა, უსწორო და შორი-შორი თუ გამოვიდა, აქტიურობაში ხომ მაინც ჩამეთვლებაო?! კი, უსუფას თვალში აქტიურობაში ალბათ ჩაგეთვლებათ, ოღონდ იმას რა უყოთ, ეგეთი ლელო რომ ამომრჩევლებთან არ ჩაგეთვლებათ ბატონო ბანკირო?!