„ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლით მის მომხრეებს შორის გამოწვეულმა სიხარულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობის სახით საქმე გვაქვს, სიგიჟესთან, უტიფრობასთან, დეფორმირებულ მორალთან და სინდისთან - ამბობს POSTV-ის ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი საკუთარ ვიდეობლოგში.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილზე ვინმე რომ ამბობს, თითქოს ის გმირია, ეს არის ქვეყნის ტრაგედია.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ვანო მერაბიშვილმა გამოსვლისთანავე შეგვახსენა თავისი ძალადობრივი ვნებები, ერთი - დამხობით იმუქრებოდა და მეორე - საუბრობდა პარადოქსებზე.
„ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ დაამხობს ხელისუფლებას, რაზეც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ მან დამხობაში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა იგულისხმა. ჯორჯ ორუელის დისტოპიაში ზუსტად ასეა, გაჯერებენ რომ ომი მშვიდობაა, მონობა-თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა. გარწმუნებენ რომ 2+2=5 -ს. ასეთ სიგიჟესთან, უტიფრობასთან გვქონდა საქმე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და ახლაც, მათი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, სადაც, თურმე გადატრიალება ნიშნავს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას, ორი გვამი - ქვეყანაზე და ადამიანებზე ზრუნვას, ფოტოგრაფების დაკავება - ჯაშუშების განეიტრალებას. გამოსვლისთანავე ვანომ მიმართა პოლიციელებს, მე ყველაფერს გავაკეთებ რომ პოლიციის ღირსება აღდგესო. ღირსებაც ორუელისეულად ესმით,ანუ გაუკუღმართებულად. ღირსება ესაა პოლიციის მხრიდან მიტინგზე ადამიანების დახოცვა და გვამების სახურავზე შემოდება, ქუჩაში დახოცილი ხალხი პოლიციის მხრიდან, ღირსება ნიშნავს მოსმენებს, პირადი ცხოვრების ჩაწერას, მუდმივ კონტროლს, კანონების დარღვევას, უდანაშაულო ხალხის რუსეთის ჯაშუშებად გამოცხადებას და შემდეგ ციხეში მათ წამებას. აი ასეთ დეფორმირებულ მორალთან, დეფორმირებულ სინდისთან გვაქვს საქმე. ასეთი დეფორმირებული და გაბანკროტებულია ნაციონალური მოძრაობა, თუმცა კვლავ დღის წესრიგშია. ტრაგედიაც აქ თამაშდება, რომ ვანო მერაბიშვილზე, ვინმე, თუნდაც სრულად ოდიოზური, მარგინალი, პატარა ადამიანთა ჯგუფი, რომ ამბობს თითქოს ის გმირია, ეს არის ქვეყნის ტრაგედია და ორუელისეული დისტოპიის რეალობაში განხორციელება" - ამბობს გური სულთანიშვილი.
ამასთან, ავტორის თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულმა მედია საშუალებებმა ვანო მერაბიშვილი ირიბად წარმოაჩინეს ისე, თითქოს ნელსონ მანდელა იყოს, მისი ციხიდან გამოსვლა კი - ახალი ეპოქის დასაწყისი .
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებამდე, მთავარი არხი უკვე ამზადებდა ნიადაგს, საუბრობდა მის გმირობაზე, სტუმრები ყვებოდნენ აღმშენებლობაზე, ინსტიტუტების შექმნაზე და მერაბიშვილის „საამაყო საქმეებზე".
„ვანო მერაბიშვილი რომ დამნაშავეა, ეს ფაქტია. ვანო მერაბიშვილი რომ არის სახეხატი, სიმბოლო, ემბლემა და ლოგო იმ ძალადობრივი, რეპრესიული, სადისტური პოლიტიკის, ესეც ფაქტია. თუმცა, ვანოს გმირად შერაცხვის მცდელობა რომ აქვს მთავარ არხს, ეს უკვე ინტერპრეტაციაა. როდესაც შავზე ამბობ თეთრს, თავიდან ეს სიგიჟედ ითვლება, შემდეგ, რაც უფრო ხშირად იმეორებ, ის ნელ-ნელა ილექება ზოგიერთი ადამიანის გონებაში. ესაა მთავარი არხის მექანიზმი, რითიც ცდილობენ ვანო მერაბიშვილის გმირად გამოყვანას. მედიას აქვს უნარი შავი თეთრად წარმოაჩინოს, დაჩქარებული, ჭარბი ინფორმირებით. შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულმა მედია საშუალებებმა ვანო მერაბიშვილი ფიგურალურად, ირიბად წარმოაჩინეს ისე, თითქოს ნელსონ მანდელა იყოს, მისი ციხიდან გამოსვლა კი - ახალი ეპოქის დასაწყისი. ეს პოლიტტექნოლოგიური სვლაა, ოპოზიციურ სპექტრს და განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას, შემოქმედებითი კრიზისი აქვს, გაღატაკებული და განძარცვულია, ამიტომაც სიახლე სჭირდება. განახლების აქტი, ქმნის ილუზიებს, თითქოს რაღაც ახალი იწყება", - მიიჩნევს გური სულთანიშვილი.