ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატოს წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი კლინიკაში გადაიყვანეს.
ვატო წერეთლის განცხადებით, მამა აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვა და სასწრაფო გამოიძახა.
ავთო წერეთელი კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი.
„დიაგნოზი არ ვიცით, რამდენიმე წუთის წინ გადმოვიყვანეთ“, – ამბობს ვატო წერეთელი ტვ პირველის ეთერში.
შვილის ცნობით, ავთო წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს; იგი აცხადებს, რომ მამის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
წერეთლისთვის პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს საქმეზე, რასაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ედავებიან – 2008 წელს ფულის გათეთრების საქმეზე.
„დღეს რომ მოვიდა, მითხრა, უეჭველი მიჭერენო, შემდეგ ამბობდა, ცივი ოფლი მასხამსო, შაქარი გაიზომა და აბაზანაში გავიდა, რამდენიმე წუთში შევედი და უგონოდ იყო”, – ამბობს ვატო წერეთელი.
„70 წლის ადამიანს, რომელსაც 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული, სტენტირებები უდევს გულში და დღეში ინსულინის 4 ნემსს უკეთებენ, ყოველდღე საათობით ატარებენ სასამართლოში“, – თქვა ვატო წერეთელმა.