„ვიღაცას უნდა ხალხი გააგიჟოს...“ - იმნაძე ინტერნეტით გავრცელებულ ხმოვან გზავნილზე

„ვიღაცას უნდა ხალხი გააგიჟოს...“ - იმნაძე ინტერნეტით გავრცელებულ ხმოვან გზავნილზე

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსი საქართველოშიც დადასტურდა, თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამ ინფორმაციას მალავს, ცენტრში დეზინფორმაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ „ვიღაცას უნდა ხალხი გააგიჟოს".

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ „რეზონანსს" განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს:

„რამდენი სულელი რაღაცას იტყვის, რა ვქნათ ჩვენ? ვიღაცას უნდა ხალხი გააგიჟოს. თუ არის, რატომ უნდა დავმალოთ? რამე დაგვიმალია ოდესმე? მგონი ამას ნორმალური არავინ დაიჯერებს," - აღნიშნა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში ხალხის გრძნობებზე თამაში არ შეიძლება. მისივე თქმით, ასეთ სიტუაციაში ადამიანები ერთმანეთში გვერდში უნდა ამოუდგნენ.

„მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, არავითარი პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ გვაქვს. საქართველოში არ დაფიქსირებულა კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა," - თქვა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება, რაც დეზინფორმაციაა.