სამოქალაქო აქტივისტი და მოძრაობა „გაბედეს“ წევრი „პრაიმტაიმს“ ვიდეოს უგზავნის, სადაც იგი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ესაუბრება.
ბექა ნათელაშვილი „რედისონში“ იყო შესული, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობდა. მას არჩილ თალაკვაძისთვის კითხვის დასმა უნდოდა.
ბექა ნათელაშვილის კითხვაზე, იყო თუ არა 20 ივნისს ადამიანის უფლებების დარღვევა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ ეს ასე იყო, თუმცა ამ ყველაფერს რეაგირება მოჰყვა.
მან ბექა ნათელაშვილს უთხრა, რომ კარგად ემეცადინა და 20 ივნისის საქმეებისთვის გადაეხედა.
„კარგად მოემზადეთ, კარგად იმეცადინეთ და მერე მობრძანდით. არ ხართ კარგად მომზადებული“,- უთხრა არჩილ თალაკვაძემ მას.
„რედისონში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა აქციის ფონზე მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლების წარმომადგენელებს შეძახილებით შეხვდნენ.