გური სულთანიშვილის

გური სულთანიშვილის "საზოგადოებრივი მითები" ფეიკმედიის და მედიის ნეიტრალურობის შესახებ - POSTV (ვიდეო)

„გავრცელებული მითი მედიის ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის შესახებ არა მხოლოდ მოგონილია, არამედ შეუძლებელი და ეწინააღმდეგება ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმოებას, სადაც სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები საკუთარი იდეების და დღის წესრიგის გასამყარებლად იბრძვიან" -  ამბობს POSTV-ის გადაცემა „საზოგადოებრივი მითების" ავტორი და წამყვანი გური სულთანიშვილი.

მისი თქმით, ნეიტრალური მედია ეს მითია, ხოლო ამ მითის დანგრევა არ ნიშნავს რომ ფეიკ მედია ლეგიტიმურია.

"საქართველოში ბოლო წლებში მედია ნეიტრალობიდან ზოგი ჟურნალისტი მეორე უკიდურესობაში გადაიჭრა.  საკუთარი თვალსაზრისის გამოტანა არ ნიშნავს უაპელაციო პოლიტიკურ პროპაგანდას, არამედ გულისხმობს თვალსაზრისებს და შეხედულებათა ერთობლიობას ანუ იდეოლოგიას ან კომპლექსურ ჩამოყალიბებულ თვალსაწიერს, რაც ჟურნალისტს დაეხმარება საკითხებიის გააზრებაში. ამისთვის კი აუცილებელია მაღალი კვალიფიკაცია და იდეათა ერთობლიობის ქონა.

თუმცა, შეიძლება ითქვას რომ ქართული ე.წ. ნეიტრალური მედია გარემოც ჩასახვიდანვე გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად იდეოლოგიზირებულია. ეს აქტორები ლიბერალური იდეების მატარებლები არიან , ხშირად ისე რომ ამას ვერც ხვდებიან და ამის ყველაზე კარგი მაგალითია ტვ პირველი. მათი ე.წ. ნეიტრალურობა და დისტანცირება ზუსტად ლიბერალური გასაღებია, მაშინ როდესაც ქვეყანაში ლიბერალური წესრიგი არსებობს ასეთი მიდგომა სწორედ ამ თამაშის წესებს დათანხმებას გულისხმობს. მეორე მხრივ კი გვაქვს მთავარი არხი. ალბათ მაყურებელი, რომელმაც სრულად უყურა ამ გადაცემას, მოეწონა და ბოლომდე გამოგვყა, იფიქრებს რომ თუ ნეიტრალური მედია ეს მითია, მაშინ რატომ ვერჩით მთავარ არხს. აქ მკაფიო განსხვავებაა მხარეს, პოზიციასა და ფაქტების დამახინჯებას შორის.

ფაქტების დამახინჯება და ინტერპრეტაცია არ ექვემდებარება არანაირ სარედაქციო პოლიტიკას, მხოლოდ მისი ანალიზი და საკითხების განხილვა  შეიძლება იყოს განსხვავებული, რადგან საკითხების ამოსახსნელად სხვადასხვა ადამიანი განსხვავებულ გასაღებს ხმარობს. ამიტომაც, ერთი მხრივ დაიმახსოვრეთ, რომ ნეიტრალური მედია ეს მითია, ხოლო ამ მითის დანგრევა არ ნიშნავს რომ ფეიკ მედია ლეგიტიმურია" - ამბობს გური სულთანიშვილი.

მისი თქმით, ამ მითის დამკვიდრებას ქართული მედიაკრიტიკოსებიც ხელს უწყობენ, რომ მაგალითად მედია გამშუქებლები ნეიტრალურნი უნდა იყვნენ პოლიტიკური ამბების მიმოხილვისას.

„ეს ერთგვარ აქსიომადაც კი იქცა და ამ იდეით იზრდებიან ახალი და ახალი ჟურნალისტები. მათ შორის საუნივერსტეტო კურიკულუმები ეწყობა ამ იდეის გარშემო. არა მხოლოდ ცალკე აღებული ე.წ. მედია ექსპერტები, არამედ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა მედიის განვითარების ფონდი, MDF ერთ-ერთ მთავარ აქცენტს სწორედ ნეიტრალურობაზე აკეთებს.

არსებობს ჟუნალისტთა ეთიკის ქარტიის მთელი რიგი სახელმძღვანელო ინსტრუქციები ჟურნალისტების ნეიტრალურობასთან დაკავშიებით.  წინა ხელისუფლების დროს არსებობდა გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, სახელად „მედია მონიტორი" რომელიც ამოწმებდა სხვადასხვა ემდია საშუალებას პირველ რიგში მისი ნეიტრალურობის მიხედვით.

მეტიც, არც თუ დიდი ხნის წინ საქართველოში, სახელმწიფო მნიშვნელობის სისხლის სამართლის საქმეები და პოლიტიკური პროპაგანდა იწარმოებოდა იმ მოტივით რომ ტელეკომპანია არ იყო დისტანცირებული გამშუქებელი მოვლენების. ამის დადასტურებაა ვიდეო, სადაც იმჟამად გენ.პროკურორის პირველი მოადგილე  7 ნოემბრის მოვლენებზე და ტელეკომპანია იმედის დარბევაზე შესაბამის არგუმენტს იშველიებს. ბედის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ წლების შემდგომ სწორედ ეს ადამიანი ჩაუდგება სათავეში ყველაზე მიკერძოებული ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკას.

მითის დასანგრევად გადაცემის ავტორი და წამყვანი სამ ინდიკატორს ასახელებს.

„პირველი ესაა მაღალი სანდოობის მქონე სოციალური მეცნიერების, ცნობილი და რესპექტაბელური ავტორების პოზიციები მედიის ნეიტრალურობის შესახებ. მეორე - დასავლური გამოცდილება, ანუ ის სტანდარტი რაც ჩვენთვისაა მისაღები და პრინციპში ზოგადადაც, იმიტომ რომ მედია, ანუ ის მედია რაზეც ვსაუბრობთ სრულად დასავლური ფენომენია.

მაქს მაკკობსი და დონალდ შოუ, რომლებიც არიან აჯენდის დაყენების თეორიის დამფუძნებლები ამბობენ რომ, პოლიტიკური ხასიათის ნებისმიერი გადაცემა, თავისი შინაარსითა და ამ შინაარის სტრუქტურირებით, პირდაპირ თუ ირიბად, ინფორმაციასთან ერთად აწვდის მაყურებელს არა ერთ, არამედ სამი სახის შეტყობინებას: რაზე იფიქრო, როგორ იფიქრო და რა იფიქრო. მედია არ ასახავს რეალობას, ის მას რეპრეზენტირებს. ამ თეორიის მიხედვით მედია შეუძლებელია ნეიტრალური იყოს.

ცნობილი ავტორის და მედია თეორიტიკოსის კოულმანის მიხედვით"დღის წესრიგის ფორმირება — ეს არის მასმედიის მიერ გარკვეული საკითხების ხშირი და გამორჩეული წარდგენის პროცესი, იმ შედეგით, რომ ხალხის დიდი ნაწილი ამ საკითხებს უფრო მნიშვნელოვნად აღიქვამს, ვიდრე სხვებს. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად გაშუქდება საკითხი, მით უფრო მნიშვნელოვანია ის ხალხისთვის."

ვნახოთ , რას ამბობს ამ თემის ექსპერტი სარტორი. მედია სისტემის ხასიათი კავშირშია როგორც დისკურსის შინაარსთან, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასთან. მაჟორიტარული (ანგლოსაქსური) დემოკრატიები მჭიდროდაა ასოციირებული ნეიტრალური ჟურნალისტიკის ცნებასთან (ანუ ერთი არხის ქვეშ რომ არის რამდენიმე ხედვა თავმოყრილი, ნეიტრალურია პარტიებთან მიმართებაში). ხოლო პროპორციული და კონსესუალური სისტემები (კონტინენტური ევროპა) ქმნიან პოლიტიკურ პარალელიზმს ჟურნალისტიკაში. პოლიტიკური პარტიები ამ სისტემაში, მაჟორიტარულისგან განსხვავებით, არ ისწრაფვიან მოიპოვონ ლეგიტიმაცია ,,მთელი ნაციის" რეპრეზენტაციით, არამედ საზოგადოების სეგმენტებს წარმოაჩენენ. კლიენტელისტური ურთიერთობების სიჭარბე და პოლარიზება სამხრეთის დემოკრატიებში იწვევს მედიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას და არათავსებადია მედიის ლიბერალური მოდელის მახასიათებლებთან. პოლარიზებული პლურალიზმი უკავშირდება ისეთი პოლიტიკური ძალების არსებობას, რომლებიც არსებული სისტემის ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ აყენებენ. ასეთ საზოგადოებებში ძლიერია იდეოლოგიური დაპირისპირება და პოლარიზაცია" - ამბობს გური სულთანიშვილი.