უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 15 წლის გარდაცვლილ მოზარდზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საკითხზე საუბრობს განათლების მინისტრი და განათლების სისტემა. იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ეს საქმე არის გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე ერთი გამომძიებლის მიერ არასრუწლოვანი პირის დაკითხვა. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანია უფრო მეტი დაკვირვება და ყურადღება ორი მიმართულებით გამოვიჩინოთ.
ერთი მიმართულება არის გამოძიება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიჰყავს. ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც სწორედ ამგვარი საკითხები გამოძიებისთვის სპეციალურად შეიქმნა. ეს იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური რეფორმა.
მეც, როგორც თქვენ, ყურადღებით ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა სპექტრი გამოსაკითხი ან პასუხისგებაში მისაცემი პირების. მაგრამ რა თქმა უნდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ჩვენ ვერც დასკვნებს გავაკეთებთ და ვერც მითითებებს მივცემთ მათ.
მეორე მიმართულება განათლების სისტემაში სიახლეების შეტანას ეხება. მინისტრმა ბრძანა, რომ მას ექნება ხედვა და სამოქმედო გეგმა. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. რადგან საგანმანათლებლო დაწესებულება რომ არის კერძო ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ისინი განცალკევებული და განყენებული სამყაროები არიან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.