“გამახსენდა “ბოროტი კლოუნის” დეფინიცია…” – როგორ აფასებს ანალიტიკოსი ნიკა გვარამიას მონოლოგს?! (ვიდეო)

“გამახსენდა “ბოროტი კლოუნის” დეფინიცია…” – როგორ აფასებს ანალიტიკოსი ნიკა გვარამიას მონოლოგს?! (ვიდეო)

 

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ოჯახმა საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გვარამიამ გადაცემის “მთავარი აქცენტები” მონოლოგში განაცხადა.

მან ასევე თითქმის 38-წუთიან, საკმაოდ პათეტიკურ მონოლოგში ხელისუფლების მხრიდან ოჯახზე ზეწოლასა და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ჩვენ მთელი ოჯახით, ქექეც და სანდრო… სოფოც, გიკოც ამერიკიდან და მეც აქედან, ჩემს მეგობრებთან ერთად. ჩვენ ბოლომდე დავეხმარებით ამ ქვეყანას მოიშოროს რუსული ურჩხულის პატარა ნასხლეტი ბიძინა ივანიშვილის სახით. ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც მოვიპოვეთ თავისუფლება.  ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ვაშენეთ ნამდვილი ევროპული და წარმატებული ქვეყანა, მეც მათ შორის. ვერ წავალთ იქიდან სადაც ბიძინა დავამარცხეთ შიშველი ხელებით.” – თქვა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას მონოლოგს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აფასებს:

“ნიკა გვარამიამ ‘მთავარზე’ საკმაოდ ვრცელ მონოლოგში განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი საქართველოს დატოვებას არ აპირებენ და ისაუბრა ოჯახის მდგომარეობაზე, ხელისუფლების მხრიდან ოჯახზე ზეწოლასა და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

გამახსენდა ‘ბოროტი კლოუნის’ დეფინიცია:

ბოროტი კლოუნი ტრადიციული, კომიკური კლოუნის პერსონაჟის საბოტაჟური ვერსიაა, რომელშიც მხიარული ტროპი [ენობრივი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება. ტროპი სიტყვის საკუთარი მნიშვნელობის ისეთი შეცვლაა, როდესაც ხდება მნიშვნელობის გამდიდრება] ჩანაცვლებულია შემაშფოთებელი, საშინელებათა ელემენტებითა და შავი იუმორით, “ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ მთავარი არხის დამფუძნებელმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “მთავარ აქცენტებში” ქვეყნის დატოვების შესახებ გააკეთებდა განცხადებას.

“მეგობრებო, დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”.

ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და ა პრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები.

წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის .

შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ”-დაწერა მან.

ამასთან, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მედიას აცნობა, რომ  ნიკა გვარამიას გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2″-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო. გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სააპელაციო საჩივარში ნიკა გვარამიას მიმართ 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“ – ის ყოფილ და ახლა უკვე „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა”.