ოპოზიცია დიალოგის გაგრძელების მომხრეა, თუმცა პროტესტს არ წყვეტს.
„ბილტმორში" მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ „პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე შედეგი არ იქნება და საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც ივანიშვილი და მისი გუნდი დაჰპირდა".
„რაც შეეხება ამ დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის გაგრძელების, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, ისინი იმსახურებენ „პოლიტიკურ წვალებას" და ჩვენ ამ „პოლიტიკურ წვალებას" გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, ვიდრე საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა და რის დაცვასაც აპირებს პროტესტით გარეთ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, „ქართული ოცნების" და ოპოზიციურ პარტიებს შორის სასტუმრო „ბილტმორში" გამართულ ექვსსაათიან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ე.წ. გერმანული მოდელი იყო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ გერმანული საარჩევნო მოდელი ანტიკონსტიტუციურია და ამ საკითხზე მომავალში დებატები ვეღარ გაიმართება, თუმცა პოლიტიკური კონსულტაციებისთვის ისევ მზად არიან.