მინისტრი მონიტორინგს განაგრძობს (video)

მინისტრი მონიტორინგს განაგრძობს (video)

გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. ირაკლი ალასანიას აკადემიის რექტორმა გიორგი ქველაძემ უმასპინძლა და მინისტრს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. თავდაცვის მინისტრი უშუალოდ გაეცნო სასწავლო პროცესს და აკადემიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაესაუბრა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის უწყებისთვის პროფესიული განვითარება და სამხედრო განათლების მიღება პრიორიტეტი იქნება. 
დღესვე თავდაცვის მინისტრი გორში მდებარე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეით ბრიგადაშიც იმყოფებოდა. მინისტრი ადგილზე გაეცნო სამხედრო ბაზაზე არსებულ პრობლემებს და ჯარისკაცების სამუშაო რეჟიმს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამხედროების საბრძოლო მზადყოფნას მაღალი შეფასება მისცა. „კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე. მაგრამ აუცილებელია სამხედრო მოსამსახურეების უფრო მეტად უზრუნველყოფა, რომელიც ყველაზე ახლოს იმყოფება შესაძლო დაპირისპირების ზონასთან. აუცილებელია თითოეული ჯარისკაცი და მათი ოჯახები იყოს სოციალურად დაცული, რათა მათ თავის ფუნქციები ღირსეულად შეასრულონ " - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ალასანიამ შეიარაღებული ძალების გეგმიური მონიტორინგი გუშინ დაიწყო. პირველად თავდაცვის მინისტრი მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.

  •  

  •