საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი სააკაშვილის ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური კასტა რელიგიურ თემებზე საუბრისას ყალბია
„სააკაშვილი, ბოკერია, ბიძინე ერთმანეთს ეჯიბრებიან რელიგიურობაში. რომ არსებობდეს სადმე ცათა შინა ის ღმერთი, მიწაზე გადმოვარდებოდა სიცილით.
სინამდვილეში კი, გითხრათ, რა არის? აქ - "მე ვიცი, რომ შენ იცი, რომ მე ვიცი". აქ ხალხმაც იცის, რომ პოლიტიკური კასტა ყალბია რელიგიურ თემებზედ, პოლიტიკოსებმაც იციან, რომ ხალხსაც სინამდვილეში ჰკიდია რელიგია - განსაკუთრებით, როცა საქმე კუჭს შეეხება. ეს რაღაც შეთანხმებული ქცევის მოდელია, კომუნიკაციის დაწყებისა და გაგრძელებისათვის საჭირო. საერთოდაც, ეკლესია, ასე ვთქვათ, პრე-, წინარე- ინსტიტუციაა ძალაუფლებამდე მისასვლელად აუცილებელი, ერთგვარი კონფორმიზმის ტესტია, როგორც მაღალი რანგისათვის, ისე რიგითების ლოიალობის გამოსაცდელად.
ასე რომ, აქ საქმე აბრაამიტული რელიგიის ჭეშმარიტებებისკენ სწრაფვაში თუ თუნდაც მათ ბრმად გაზიარებაში ამ ჭეშმარიტების წყურვილით, არაა. ქართული რელიგიურობა სიყალბის ხელშეკრულებაა ძალაუფლებასთან, კეთილდღეობასთან საზიარებლად“... - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამხსახურდია.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ საუბრისას განაცხადა, რომ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს, მაგალითად კი მოიყვანა, რომ თავად ჯვარს ატარებს და 600 -მდე ეკლესია აქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატის ტაძარი.