არასრულწლოვანის ტელეფონი ერთი დღით დაალომბარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი უკან უნდა დაებრუნებინათ. რომელ ძარცვაზეა საუბარი? - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის ჯგუფურად ძარცვაში ბრალდებული გიორგი წიწილაშვილის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა განუცხადა.
ადვოკატი ირწმუნება, რომ გარდაცვლილმა არასრუწლოვანმა ბრალდებულ პირებს მობილური ტელეფონი ნებაყოფლობით გადასცა, რომელიც დაკავებულებმა ლომბარდში ჩააბარეს.
„შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა. ტელეფონი ერთი დღით დაალომბარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი უკან უნდა დაებრუნებინათ. რომელ ძარცვაზეა საუბარი? ტელეფონი ნებითაა მიცემული, ჯგუფურად ძალადობრივად არ არის წართმეული. როცა ტელეფონს აბარებდნენ, იცოდნენ, რომ ვიდეოკამერის ქვეშ აბარებდნენ, ყველა ლომბარდშია ვიდეოკამერა. გარდა ამისა, ხელშეკრულებაც იდება. ტელეფონი ტაქსის მძღოლის სახელზეა დალომბარდებული“, - აცხადებს როსტიაშვილი.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, შესაბამისად, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობდა.
„მოხარული ვიქნები, თუ იმ დონის გამოძიება იქნება, რომ შეძლოს დაადგინოს, სახურავზე რა მოხდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში თვითონ გამოცხადდა, მეც იქ ვიყავი, როცა პოლიციას უთხრა, მოვდივარო, რომელ მიმალვის საფრთხეზეა საუბარი?“, - აცხადებს ზურაბ როსტიაშვილი.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაინიშნა.
ცნობისთვის, ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს. მათგან ორი არასრულწლოვანია. დაკავებულებიდან 5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.