რა არის ინსულტი?

რა არის ინსულტი?

ეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა, რომელიც განპირობებულია ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიით.

სისხლძარღვოვანი დაავადებები გულისხმობს ყველა იმ დაზიანებას, რომლის მიზეზიც ტვინის სისხლძარღვებში პათოლოგიური პროცესია.

მეცნიერები მას თანამედროვე მედიცინის ერთ–ერთ დიდ გამოწვევას უწოდებენ, რომელიც დროულ დიაგნოსტირებასა და შესაბამისად, მკურნალობას საჭიროებს. ინსულტი, რომელიც სიკვდილისა თუ ღრმა ინვალიდობის ყველაზე ხშირი მიზეზია, ადეკვატურ მართვას ითხოვს.

ამ დაავადების იშემიური ფორმა ვითარდება ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, სპაზმის, თრომბოზის და/ან ათეროსკლეროზული ფოლაქით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დაქვეითების გამო, რომელსაც როგორც წესი ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება ხოლმე.

ჰემორაგიულ ფორმას კი ტვინში განვითარებულ სისხლჩაქცევას უწოდებენ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არტერიული წნევის მომატებისას ვითარდება. ამის ფონზე რომელიმე სისხლძარღვის კედელი ზიანდება და ვითარდება ტვინის ნივთიერებასა და მის გარსებში სისხლის ჩაქცევა. განვითარებულ არასახარბიელო მდგომარეობას ტვინის შესაბამისი უბნისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გაჩენა მოჰყვება.

როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

პათოლოგიისთვის დამახასიათებელია:

  • ცნობიერების დაქვეითება;
  • ძალის დაქვეითება კიდურებში;
  • თავის ტკივილი;
  • მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
  • თავბრუსხვევა;
  • სახის მიდამოს, კიდურების დაბუჟება;
  • სახის ასიმეტრია;
  • მეტყველების დარღვევა;
  • პირღებინება;
  • დამბლა.

გამომწვევი მიზეზები

რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება მემკვიდრეობა, ასაკი, სქესი და აგრეთვე როგორც წესი პაციენტებს ანამნეზში აღენიშნებათ შემდეგი პათოლოგიები:

  1. გულის რევმატიული მანკი;
  2. მიოკარდიუმის ინფარქტი;
  3. არითმია;
  4. შაქრიანი დიაბეტი;
  5. ათეროსკლეროზული ცვლილება.

აღსანიშნავია, რომ გარდამავალი იშემიის (ე.წ. მინი, მცირე ინსულტი) დროს, სიმპტომები ძალიან ჰგავს თავის ტვინის ინფარქტს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმპტომები მცირე დროში ქრება. ამ დროს ორგანიზმი პათოლოგიის განვითარების რისკზე გვაფრთხილებს.

პათოლოგიის ხელახლა, განმეორებით განვითარების მთავარი მიზეზი კი საძილე არტერიების ფოლაქებია.

ასაკის მატებასთან ერთად რისკი იზრდება. ამასთან, სხვადასხვა ასაკისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ცერებროვასკულური პათოლოგია, მაგალითად, ათეროსკლეროზული თრომბოემბოლიზმი, კარდიოგენული ემბოლიზმი და პირველადი (ჰიპერტენზიული) ინტრაცერებრული ჰემორაგია, რომელიც ვითარდება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში.

ინსულტის ცენტრი

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინსულტიანი პაციენტის მოთავსება ისეთ კლინიკაში, რომელსაც შესაბამისი ცენტრი აქვს და სამწუხაროდ, სავალალო შედეგი დგება, როცა ავადმყოფი მკურნალობს საავადმყოფოში, სადაც პათოლოგიის მართვის ყველა თანამედროვე მეთოდი არ არის დანერგილი. 

ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს სთავაზობს პათოლოგიის მკურნალობის ყველა მეთოდს და მათ შორის საქართველოში ექსკლუზიურ თრომბექტომიას სისტემურ ვენურ თრომბოლიზისთან ერთად როგორც ცალ–ცალკე, ისე კომბინირებული მეთოდით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგებმა და ნევროლოგებმა არაერთი პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინეს და ინვალიდობისგან იხსნეს.

პათოლოგიასთან საბრძოლველად ყოველი წამი გადამწყვეტია! სწორედ ამიტომ თუ სიმპტომებიდან გამომდინარე ეჭვი ამ პათოლოგიაზე გაგიჩნდებათ, გაიხსენეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრი, სადაც დროული ტრანსპორტირების შემთხვევაში ინსულტიანი პაციენტის სიცოცხლის და ინვალიდობისგან გადარჩენა შესაძლებელია. 

გახსოვდეთ, ეს პათოლოგია თანამედროვე მედიცინის ერთ–ერთი დიდი გამოწვევაა, რომლის დასამარცხებლად ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში იბრძვის!