„ჩვენ ძალიან ხშირად ვამაყობთ, რომ ვართ პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. დღემდე თსუ არის ჩემპიონი ნამდვილად ნებისმიერ რეიტინგში, მაგრამ ეს არ არის მთავარი. თსუ არის ჩემპიონი სხვა რამეში - ამ სხვა რამეს ჰქვია სიყვარული, ამ სხვა რამეს ჰქვია თავისუფლება. იმიტომ რომ იყო თსუ-ელი ნიშნავს იყო თავისუფალი პიროვნება“,-ამ სიტყვებით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს ბაკალავრიატის 2019 წლის კურსდამთავრებულებს საზეიმო ღონისძიებაზე. რექტორის თქმით, ეს დღე განსხვავებული და განსაკუთრებულია თითოეული უნივერსიტეტელის ცხოვრებაში, რადგან თსუ კურსდამთავრებულების 300 ათასიან არმიას კიდევ 3000-მდე კურსდამთავრებული შეუერთდა.
გიორგი შარვაშიძემ პირველ რიგში კურსდამთავრებულებს მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ სირთულეების მიუხედავად შეძლეს ბაკალავრიატის საფეხურის წარმატებით დასრულება. რექტორმა საზეიმო დღე ასევე მიულოცა მშობლებს და პროფესორ-მასწავლებლებს.
„ყველაზე კარგი სიტყვა, რომელიც ოდესმე მომისმენია, ეკუთვნის ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ ჰქონია ფორმალური განათლება, არც კოლეჯი დაუმთავრებია და არც უნივერსიტეტი. ეს იყო სტივ ჯობსი. მიუხედავად ამისა, სიტყვაში რომელიც მან წარმოთქვა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან თქვა ყველაზე მთავარი და ეს ყველაზე მთავარი არის ის რომ ეს მსოფლიო თქვენ გეკუთვნით. არ არსებობს არავითარი შეზღუდვა. ეს მსოფლიო თქვენია! ეს ქვეყანა თქვენია! თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, თქვენ ქმნით ამ ხვალინდელ დღეს!
კიდევ ერთი რამ, რაც დღეს აუცილებლად მინდა ვთქვა. გარდა იმისა, რომ თქვენ ხართ უზარმაზარი ოჯახის წევრები, თსუ-ს კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის. ბევრი თქვენთაგანი დაბრუნდება თსუ-ში მაგისტრატურაში, ბევრი თქვენთაგანი გახდება დოქტორანტი, ბევრი თქვენთაგანი გახდება პროფესორი, ბევრი თქვენთაგანი გახდება აკადემიური საბჭოს წევრი, ზოგიერთი თქვენთაგანი გახდება თსუ-ს რექტორი. მე მინდა ყოველთვის იცოდეთ, რომ თქვენ ხართ ერთი დიდი ოჯახის წევრები და ეს ერთი დიდი ოჯახი არის ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები“-განაცხადა რექტორმა.
გიორგი შარვაშიძის თქმითვე, თსუ-ს კურსდამთავრებულები ყველგან არიან, საჯარო თუ კერძო სექტორში, და ისინი ყოველთვის, ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში დაეხმარებიან კურსდამთავრებულთა დიდი ოჯახის წევრებს.
„დღეს თქვენ იწყებთ თქვენი მომავლის შენებას, არა მხოლოდ თქვენი საკუთარი მომავლის, თქვენი ქვეყნის მომავლის შენებას. მე მინდა წარმატება გისურვოთ ამ მომავლის შენებაში!
ეხლა თქვენ ძალიან ცოტა რამ გაშორებთ იმ მომენტს, როდესაც თქვენს ქუდებს ააგდებთ ისე მაღლა რამდენადაც შეძლებთ და იცოდეთ, აქ არის ერთი საიდუმლოება - რაც უფრო მაღლა ააგდებთ ქუდს, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი წარმატება ცხოვრებაში.
ახლა კი, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი წარმატება და მინდა გისურვოთ, რომ ეს წარმატება იყოს უამრავი წარმატების საწინდარი თქვენ ცხოვრებაში.
გახსოვდეთ თსუ!“
დანარჩენს კი, დანარჩენს თვითონ ცხოვრება გაჩვენებთ და მოიტანს რა უფრო საჭირო იქნება ქვეყნისათვის და თქვენთვის
წარმატებებს გისურვებთ ახალგაზრდებო!!!