ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხულუხიას N5-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება. ასევე, შეიცვლება საერთო სარგებლობის კიბე. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა.
„სხულუხიას N5-ში, თბილისური ტიპის ეზოში, სადაც 13 ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. საძირკველი ეტაპობრივად იშლებოდა, ავარიულობა კი ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ ადგილობრივი მცხოვრებლები ქირით გავიყვანეთ. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და ისინიც რეაბილიტირებულ სახლში დაბრუნდებიან“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ვანანი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 90 662 ლარია. მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის რვა საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა, ხოლო ათ მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.