კონკურსის “მისია 2019” ფინალი და დაჯილდოების ცერემონია

კონკურსის “მისია 2019” ფინალი და დაჯილდოების ცერემონია

„მაღალმთიან რეგიონებში ქალთა ფინანსური განათლების ხელშეწყობა ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად“ - ამ სახელწოდების პროექტმა გაიმარჯვა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კონკურსში - „მისია 2019“. სტუდენტური კონკურსი თსუ-ს ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ამჯერად,  კონკურსის პარტნიორი იყო კომპანია „ბაზისბანკი”, მხარდამჭერი  - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების  კომპანია „ჯეპრა“.

ფინალურ ტურში გასული ხუთი გუნდიდან პირველ ადგილზე გავიდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების გუნდი „100%“, მეორე ადგილზე  -  გუნდი „კანუდოსი“, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „Creative Thinkers.“

„უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას ამ პროექტში. წელს გავიმარჯვეთ. ჩვენი საპროექტო ნაშრომი შეეხებოდა ქალთა ეკონომიკური განათლების ხელშეწყობას მაღალმთიან  რეგიონებში, რაც პირდაპირ კავშირშია გაეროს მეოთხე მიზნის განვითარებასთან. „ბაზისბანკი“ დაინტერესდა ჩვენი პროექტით და მომავალში აპირებს ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას,“- აღნიშნა გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა ანა მეგრელიშვილმა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „მსგავსი კონკურსები ნამდვილად კარგი გამოცდილებაა, როგორც სტუდენტებისთვის, ისე ბიზნესისთვის. საინტერესოა სტუდენტების თვალით დანახული ბიზნესი და ბიზნესისთვისაც საინტერესოა, როგორ აღიქვამენ ამ პროცესებს სტუდენტები, როგორ შეიძლება სწორი კომუნიკაციის განხორციელება და მარკეტინგული ხერხების ახლებურად დანახვა. ეს, ნამდვილად, ურთიერთსასარგებლო ამბავია.“

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელიც პარტნიორმა ბრენდმა გამარჯვებულ სამ გუნდზე გადაანაწილა: I ადგილი - 2500 ლარი, II ადგილი - 1500 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი. კონკურსის კიდევ ერთი პრიზი - ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია კონკურსის გამარჯვებულ გუნდს გადაეცა.

        „საუკეთესო პროექტს, რომელიც გავიდა პირველ ადგილზე, არ შემოვდებთ თაროზე. „ბაზის ბანკი“ უზრუნველყოფს ამ პროექტის  ხორცშესხმას, რეალობაში განხორციელებას  ამ  პროექტის  ავტორებთან ერთად. დიდი წარმატებაა ის, რომ შეიქმნა პროექტი, რომელიც რეალურად სასარგებლო  იქნება  და რეალურად განხორციელდება,“- აღნიშნა „ბაზისბანკი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ხადურმა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ კომპანია „ბაზისბანკი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ ხადური, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს პროგრამული დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამას“ დამფუძნებელი თაკო როდონაია  და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მარკეტინგის მენეჯერი, მწერალი დათო გორგილაძე.

თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.

სტუდენტურ კონკურსში 2019 წელს მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 51-მა გუნდმა მიიღო, შემოსული პროექტებიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 5 საუკეთესო გამოავლინა. ფინალური დავალების შესრულების პროცესში კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტისა და კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალური ტრენინგები და სემინარები ჩაატარეს.

კონკურსი წელს მეშვიდედ ჩატარდა. გასულ წლებში კონკურსის პარტნიორი კომპანიები იყვნენ: „IDS ბორჯომი საქართველო“, „გეოპლანტი“, „ნატახტარი“, „სანტე“, „თიბისი ბანკი“ და კომპანია „ას ჯორჯია“.