ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EMEA Finance თიბისი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ ზედიზედ უკვე მერვედ მიიღო. გარდა ამისა, EMEA Finance-მა თიბისი 2018 წლის საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად, მისი შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი კი საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა. EMEA Finance-ის აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის საუკეთესო ფინანსურ შედეგებს და ციფრულ შესაძლებლობებს, ასევე მომხმარებლისთვის შეთავაზებულ სამაგალითო მომსახურებას.
„ჩვენთვის დიდი პატივია EMEA Finance-ის მორიგი აღიარება. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს თიბისის წამყვან პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე და ასევე, მის მზარდ რეგიონალურ მნიშვნელობას. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება თიბისი კაპიტალის საინვესტიციო ბანკად ჩამოყალიბებაზე უკვე აჩვენებს შედეგებს და ის მეორე წელია საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანიად სახელდება", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში თიბისი ბანკი წარმატებით იყენებს საბაზრო შესაძლებლობებს და იმსახურებს ქართველი ხალხის და ბიზნესსაზოგადოების ნდობას. მეტიც, თიბისი ბანკი განიხილავს უზბეკეთსა და აზერბაიჯანში გაფართოებას, როგორც რეგიონალური სტრატეგიის უმთავრეს ნაწილს და შესაძლებლობას, გაზარდოს მომხმარებელთა რაოდენობა", - განაცხადა ჟურნალ EMEA Finance-ის გენერალურმა დირექტორმა და გამომცემელმა, კრისტოფერ მორმა.
EMEA Finance 2008 წლიდან გამოდის და ორიენტირებულია ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ფინანსურ ბაზრებზე. ჟურნალი წამყვანი საინფორმაციო გამოცემაა ფინანსური მომსახურებისა და კორპორაციული სექტორის აღმასრულებელი რგოლის მენეჯერებისთვის.