„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს და აცხადებს, რომ ვინც მას „მოღალატეს“ ეძახის ეს მის არჩევანია და ამ ბინძურ საქმეში ვერ ჩაითრევენ.
„ცოტა ტერმინებს უნდა გავუფრთხილდეთ და მე ასე ვიქცევი, როცა ვინმეს გადაწყვეტილებას თუ მოქმედებას არ ვეთანხმები. „მოღალატე“, „მოღალატეს“ ძახილში მთელი 30 წელი გავატარეთ. გუშინდელ ღონისძიებაზე ყველას მივმართე, რომ ვიყოთ ფხიზლად, ვინაიდან, ხელისუფლების ეს შემოთავაზება იყო იძულებითი ნაბიჯი და თუ საბაბი მიეცემა დაწყებული საქმის ბოლომდე არ მიყვანის, ის ამას გააკეთებს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.
როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, საქმე ბოლომდეა მისაყვანი, თუმცა, ურთიერთ დაპირისპირებით ეს არ გამოვა.
„პროპორციული არჩევნების საქმე გასაგრძელებელია, გახარიას გადადგომის მოთხოვნაც გასაგრძელებელია. ვინც მონდომებულია განხეთქილებებზე, პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების მტრულ ბანაკებად დაყოფაზე, ეს მისი არჩევანია. ვისაც რა უნდა ის მეძახოს, მათ შორის, „ციციკორე გვარამიამ“, რომელიც ამ ქვეყანაში ყველას ჭკუის დამრიგებლად მოგვევლინა. გინდა მოღალატე მეძახოს ციციკორე გვარამიამ, და რაც უნდა ის მეძახოს. სადაც, პროპორციული არჩევნების თემაზე საჯარო ღონისძიება გაიმართება, მის ბოლომდე მისაყვანად, თუ ფეხზე ვდგავარ და ცოცხალი ვარ, ყველგან ვიქნები“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.