საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოში უკვე 203 მილიონი ლარია მობილიზებული. კანონის მიხედვით, ამ თანხის სამართავად საპენსიო სააგენტოს სპეციალური საინვესტიციო საბჭო ესაჭიროება, რომელმაც ინვესტირების სტრატეგია უნდა მოამზადოს. აღნიშნულ საბჭოს წევრებად სპეციალურმა შესარჩევმა კომისიამ 5 საუკეთესო კანდიდატი წარადგინა, რომელთაც კენჭი საქართველოს პარლამენტმა უნდა უყაროს.
შესარჩევმა კომისიამ, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე, საბჭოს დამოუკიდებელი წევრი ზურაბ ლალაზაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდნენ, საინვესტიციო საბჭოში შესვლისთვის შემდეგი კანდიდატები წარადგინა:
დავით წიკლაური (3 წლის ვადით);
ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით);
ოლივიე რუსო (5 წლის ვადით);
ტიმო ვირერკენტა (5 წლის ვადით);
მაიკლ რიდლი 9 (5 წლის ვადით)
წარმოშობით ერთადერთი ქართველი კანდიდატი, დავით წიკლაური 2019 წლის აპრილის ჩათვლით "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა.
კანდიდატების ბიოგრაფიის მიხედვით, მათგან რამდენიმე ამჟამად მსოფლიოს სხვა ქვეყნების სახელმწიფო საპენსიო სააგენტოებში მუშაობს - მათ შორის ოლივიე რუსო 2011 წლიდან არის საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის ბორდის წევრი, ხოლო ტიმო ვირერკენტა ფინეთის სახელმწიფოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ოფიცერია.
თუ ეს კანდიდატები პარლამენტის მხარდაჭერას მიიღებენ, ისინი საინვესტიციო საბჭოს წევრები გახდებიან. კანონის მიხედვით, საბჭოს წევრებმა სრული შემადგენლობის უმრავლესობით შემდგომში საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
საბჭოს უფლებები და მოვალეობები ასეთია:
საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას;
არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას;
ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფროს საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესასრულებელი გეგმა;
საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან, დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს (დეპოზიტარებს) და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს);
განსაზღვრავს და საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.