29 მაისს, თიბისი კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა წარადგინა.
თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ განახლებულ კვლევაში გაანალიზებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის უკანასკნელი ტენდენციები. კვლევის განახლება განაპირობა კომპანიების და პოტენციური ინვესტორების მხრიდან გაზრდილმა ინტერესმა ქართული ობლიგაციების ბაზრის და მისი განვითარების პერსპექტივების მიმართ.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ობლიგაციების ბაზარი საშუალოდ 23%-ით იზრდებოდა და 2018 წლის ბოლოს მისმა ჯამურმა მოცულობამ 10 მლრდ. ლარი შეადგინა. ამასთან, უკვე 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ბაზრის ჯამური მოცულობა 11%-ით არის გაზრდილი და 11 მლრდ. ლარს აღწევს, რაც მსხვილი კორპორაციული ევროობლიგაციების გამოშვებით და ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის მაღალი ზრდით არის გამოწვეული.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათები ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე განთავსებას. შედეგად, 2018 წელს ბირჟაზე განთავსებული ობლიგაციების მოცულობა 205%-ით, 825 მლნ ლარამდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც ბირჟაზე განუთავსებელი ობლიგაციების მოცულობა 33%-ით შემცირდა, 406 მლნ. ლარამდე.
ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან სიახლეთანაგნ აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ქართული ობლიგაციების შეძენა უკვე შესაძლებელია საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის, ქლიარსტრიმის (Clearstream) სისტემაში, რაც ქართულ ობლიგაციებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისათვის. 2019 წლის მარტში თიბისი კაპიტალმა წარმატებით განახორციელა პირველი ქართული კორპორაციული ობლიგაციის შეთავაზება ინსტიტუციონალური ინვესტორებისათვის ქლიარსტრიმის საშუალებით.
თიბისი კაპიტალი განახლებულ კვლევაში მკითხველს საპენსიო სააგენტოს ფონდის პორტფელის შეფასებას და მისი პოტენციური ინვესტიციების პროგნოზს სთავაზობს, ასევე განიხილავს მოსალოდნელ საკანონმდებლო სიახლეებს ქართული ობლიგაციების ბაზარზე.
ღონისძიებისას ასევე განხილული იყო საერთაშორისო და ადგილობრივი მაკროეკონომიკური ტენდენციები კორპორატიული ობლიგაციების ჭრილში.
თიბისი კაპიტალის მიხედვით, სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ ბაზარზე რისკები შეამცირა, რაც დადებითად აისახა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე. შედეგად, გაიზარდა ქართული ობლიგაციებით დაინტერესებული ინვესტორების რაოდენობა.
ღონისძიების დროს თიბისი ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ საერთაშორისო და ადგილობრივი მაკროეკონომიკური გარემო მიმოიხილა. პრეზენტაციამ მოიცვა ლარის, აშშ დოლარისა და ევროს საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსების დინამიკა და პროგნოზები. ასევე, განხილული იყო საქართველოში ეკონომიკის ზრდისა და კორპორატიულ ვალზე მოთხოვნის მაჩვენებლები. ბაზრის მოლოდინების მიხედვით, ამერიკაში სავარაუდოა საპროცენტო განაკვეთების არსებულ დონეზე შენარჩუნება და/ან შემცირება. თავისთავად, საერთაშირისო მასშტაბით დოლარის შესაძლო შესუსტება საქართველოს ეკონომიკასა და გაცვლით კურსზე დადებით ზეგავლენას იქონიებს. საბაზო სცენარის მიხედვით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი. ამასთან საქართველოზე, როგორც მცირე და ღია ეკონომიკაზე, რეგიონში განვითარებული მოვლენები ზეგავლენას ახდენს. ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მხრივ, სავალუტო შემოდინებების, ფისკალური სტიმულისა და დაკრედიტების მოსალოდნელი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2019 წელს დაახლობით 5%-მდე ზრდაა დაგეგმილი. კორპორატიულ ვალზე 2018 წელს პიკური მოთხოვნის შემდეგ, მისი ზრდის ტემპი ნორმალიზდება, თუმცა მოთხოვნა კვლავ მზარდი იქნება.
თიბისი კაპიტალის და თიბისი ბანკის ეკონომიკური გუნდის კვლევების ხილვა და ელექტრონულ მეილზე გამოწერა შეგიძლიათ ვებ გვერდებზე