“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ევროპული საქართველოს წევრ ელენე ხოშტარიას იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელიც მან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ შალვა შავგულიძე წინა ხელისუფლების დროს სისტემას ებრძოდა.
“მეგობრებო ევროპული საქართველოდან, ელენე ხოშტარია, სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა შავგულიძე, ეს რა ვორდინგია? ვინ იყო, უკაცრავად და, სისტემა? ამ ქვეყნის საუკეთესო მთავრობა მთელი მისი ისტორიის მანძილზე? და ზურა ადეიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება, შეცდომების დამშვების, კი ბატონო, მაგრამ საუკეთესო საჯარო მოხელის საქართველოს ისტორიაში, ასევე ძალიან სამარცხვინო მგონია. მანდვე გიზით ადეიშვილისავე ყოფილი მოადგილე ოთო კახიძე და იმას ჰკითხეთ, თუ არ გსმენიათ. ან გირგვლიანის საქმეზე რაღა ადეიშვილს მიახტით? ცოტა სხვაგან ხომ არ იწყება ეგ ამბავი, შემთხვევით? არ ღირს არც მთაწმინდის და არც სხვა რომელიმე არჩევნები ისტორიის უსამართლო რევიზიად, ტეხავს და ქოცობაა.”– დაწერა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქზე” ელენე ხოშტარიასადმი მიმართვისას.
განცხადების ადრესატმა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის კრიტიკას პოსტის კომენტარის მეშვეობით მალევე უპასუხა:
“ჩემი პოზიცია ჩვენი დროის სისტემურ მიღწევებზეც, გარღვევებზეც, ჩავარდნებზეც და დანაშაულზეც სულ ასეთი იყო, პირად საუბრებშიც, საჯაროდაც, არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც. უფლება გაქვს არ მოგწონდეს, ცხადია.
ახლა მგონია, ყველას საერთო ამოცანაა სიმპატიების მიუხედავად ბიძინა დავამარცხოთ და კონკრეტულად ამ არჩევნებში მივაღწიოთ შედეგს, ეს არაა პარტიული ამოცანა მხოლოდ, ყველას სჭირდება და ქვეყანასს ჭირდება”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ ნიკა გვარამიას.