ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარდგენაზე

ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარდგენაზე

მოგესალმებით ძვირფასო მარნეულელებო ! მიხარია რომ ისევ თქვენთან ვარ დღეს !

მე ხშირად გსტუმრობთ და იცით , რომ განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ამ ქალაქს და მთლიანად რეგიონს  , ქვემო ქართლს რამდენიმე მიზეზის გამო :

ეს არის საქართველოს გამორჩეული მხარე , კულტურული მრავალფეროვნებით , რომელსაც ქმნით თქვენ , აქ მცხოვრები განსაკუთრებით მშრომელი, გულწრფელი ხალხი, ერთგული ხალხი და მადლობა ამისთვის.

ამასთან ეს არის საქართველოს ერთერთი ულამაზესი მხარე , მისი ლანდშაპტით და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით .

და ბოლოს -ამ რეგიონიდან არის ჩემი ფესვები, რაც ძალიან მეამაყება:

დღეს კი განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად მარნეულს წარვუდგენთ ძალიან ღირსეულ მერობის კანდიდატს , ბატონ ზაურ დარგალს.

ზაური ნამდვილად  გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდაა, ძალიან კვალიფიციური , შრომისმოყვარე , მაღალი პასუხისმგებლობის მქონე  და რაც მთავარია საკუთარი ქალაქის ძალიან დიდი ქომაგი, რომელმაც კარგად იცის რა სჭირდება აქაურობას და რა უნდა გააკეთოს.

ამის თქმის საფუძველს კი მაძლევს ის, რომ ზაური წლების განმავლობაში მუშაობდა ჩვენთან , სახელმწიფო მინისტრის აპარატში , წარმომადგენლად ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, ამ პერიოდში , ჩვენ ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგვიდგამს ერთად.

ამ ყველაფრის მიზანი იყო და არის ის, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტია: უზრუნველვყოთ , რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე , განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა , იყოს მაქსიმალურად ჩართული ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში , ჰქონდეს საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობის გამოვლენის ყველა საშუალება და ეს ერთიანი ენერგია მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და უკეთეს მომავალს.

ზაური ნამდვილად არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ნებისმიერ მოქალაქეს , როგორც მას, ჩვენს ეთნიკურად აზარბაიჯანელ მოქალაქეს , ნამდვილად  ყველა ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას!

დარწმუნებული ვარ, რომ ზაურს წინ ბევრი წარმატება ელოდება. მას ამისთვის თქვენი მხარდაჭერა და ნდობის მანდატი სჭირდება, რომ უფრო მეტი ძალისხმევით იმუშავოს ამ ქალაქისთვის. გისურვებ ზაურ წარმატებას და გამარჯვებას მარნეულის და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.