,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებების ჩატარება დასრულდა. შეხვედრები მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართა. მოსახლეობამ მერის მიერ შექმნილ 5 სამუშაო ჯგუფთან ერთად, თვითონ დაგეგმა პროექტები საკუთარი სოფლისათვის. სამუშაო ჯგუფები დაკომპლექტებული იყო მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირებითა და თანამშრომლებით, ჯგუფებში ასევე ჩართული იყვნენ აჭარის არ მთავრობის წარმომადგენლები. მოსახლეობის ძირითდმა ნაწილმა არჩევანი შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაზე გააკეთა. ასევე, იყო მოთხოვნები განათებისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობაზე. უმოკლეს დროში დაიწყება მუშაობა მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი პროექტების მიხედვით შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე. სოფლის კრებების ჩატარება ხელვაჩურში 23 მარტს დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია, თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მიმდინარე წლის 1 მაისამდე განაწილდება.