აღნიშნული მოთხოვნით „ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ შესაბამის უწყებებს მიმართა. მისი თქმით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში ნაპოვნ სამარხებში ნეშტების უმეტესობა მუსლიმ ადამიანებს ეკუთვნის. ნაკაიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება საპატრიარქოსთვის გადაცემულ ტერიტორიაზე მათ გადასვენებას.
„ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა #3-ში აღმოაჩინეს 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც განთავსებული იყო 150-მდე ადამიანის ნეშტი. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებით ცნობილი ხდება, რომ შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, ეპარქიის მიერ მოხდა მათი ამოსვენება. 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მათი პატივით დაკრძალვა იგეგმება. აქვე წარმოდგენილია სია, რომლიდანაც ირკვევა, რომ რეპრესირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია მუსლიმი ადამიანების სხვა სარწმუნოების წესებით გადასვენება. ამიტომ, შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ, მათ გადასვენებაში ჩართული იქნან მუსლიმი სასულიერო პირები. კატეგორიულად ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით საპატრიარქოსთვის გადაცემულ ტერიტორიაზე მათ გადასვენებას”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინა. მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ.