საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, სილქნეტმა წარმატებულად განახორციელა 200 მლნ დოლარის 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების გამოშვება. ფასიანი ქაღალდების კუპონმა შეადგინა 11% და ობლიგაციები განთავსდა 100%-იანი ღირებულებით.
ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე. ემისიის თანამმართველები არიან: J.P. Morgan, UBS და თიბისი კაპიტალი, Dentons UK and Middle და Dentons Georgia არიან სილქნეტის იურიდიული მრჩევლები, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal წარმოდგენენ თანამმართველების იურიდიულ მრჩევლებს.
ევროობლიგაციები შეიძინეს ინვესტორებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფასიანი ქაღალდები, სავარაუდოდ, შეფასდება მუდისის (Moody’s) B1 და ფიჩის (Fitch) B+ რეიტინგით.
„სილქ როუდის ჯგუფის“ დამფუძნებელი და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი: „დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს სილქნეტის არსებულ შესაძლებლობებს და პოტენციალს, რაც გულისხმობს სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდებას მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის. ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში სილქნეტის მიერ შეტანილი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფის“ დიდი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ეს მიზანი ემსახურება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოჩენას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“.
სილქნეტის ბონდების ემისია, უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების მხრიდან, საქართველოს მზარდად განვითარებადი ეკონომიკის მიმართ არსებული ნდობის დასტურია.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე : „თიბისი ბანკს ეამაყება, რომ თიბისი კაპიტალმა მონაწილეობა მიიღო სილქნეტის 200 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდის წარმატებით განთავსების პროცესში. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია თიბისის და სილქნეტის წარმატებული თანამშრომლობის. ეს განთავსება მნიშვნელოვანი მიღწევაა, როგორც სილქნეტისთვის ასევე საქართველოსთვის, რადგან კიდევ ერთ კერძო ქართულ კომპანიას გამოუცხადეს ნდობა საერთაშორისო ინვესტორებმა.“
სილქნეტი ქვეყნის უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის მქონე პროვიადერია, რომელიც წარმატებულად ახორციელებს მობილურ მომსახურებას 4.5 ქსელით და სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, ისეთს როგორიცაა ფიქსირებული ტელეფონია, ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფიქსირებული ბროუდბენდი, IPTV და მობილური ქსელი.