„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორების, ცოლ–ქმარ როზა და მურთაზ ანჯაფარიძეების მიერ ნაცემი დარეჯან თაკალაძე ზუგდიდის საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მოინახულა. მისი თქმით, ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოილებელია და ამ ეტაპზე დამატებითი კამოკვლევები პროფილაქტიკის მიზნით უტარდება. ირაკლი ჩიქოვანმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხვალ, 4 ოქტომბერს მოქალაქეები ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობის წინ შეიკრიბებიან, რათა გააპროტესტონ „ნაციონლური მოძრაობის“ მიერ გაყალბებული ხმები.
„ზუგდიდელებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი და ნურავინ ნუ შეეცდება ამ არჩევანის მოპარვას, როგორც მთელ საქართველოში ასევე ზუგდიდში დასრულდა ახალაიების და სააკაშვილის ერა. ზუგდიდელები ხვალ დაანახებენ ყველას, რომ ისინი საკუთარ არჩევანს არავის არ მოაპარინებენ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე განმარტებით, ზუგდიდის 111 უბნიდან 60–ზე მეტ უბანზე ამომრჩეველთა ხმები გაყალბებულია, რაზეც კოალიციამ დღეს შეიტანა სარჩელი. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, უკვე შეტანილ სარჩელთა რაოდენობას ხვალ კიდევ ახალი დაემატება.
შეგახსენებთ დღეს, 3 ოქტომბერს ზუგდიდში საარჩევნო უბნის დამკვირვებელი „ქართული ოცნებიდან“ დარეჯან თაკალაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებმა, ცოლ–ქმარმა, როზა და მურთაზ ანჯაფარიძეებმა სცემეს. დარეჯან თაკალაძის თქმით, როზა და მურთაზი მისი მეზობლები არიან და მათი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ქალბატონი კოალიციის აქტიური მხარდმჭერია.