„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ფინალისტი - ლადო აფხაზავა თიბისის სტიპენდიატებს შეხვდა

2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ფინალისტი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ლადო აფხაზავა თიბისის სტიპენდიატებს შეხვდა და ლექცია ჩაუტარა. შეხვედრა 2 ქალაქში ჩატარდა - დედაქალაქში თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების სტიპენდიატები შეიკრიბნენ, ქუთაისში კი - სტიპენდიატები დასავლეთ საქართველოდან.

განათლების მნიშვნელობა, სამოქალაქო თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის საკითხები ლადო აფხაზავამ მოზარდებს საკუთარ მოსწავლეებთან ურთიერთობის მაგალითებითა და ინტერაქციული დავალებებით გაუზიარა.

„თიბისის სტიპენდიატები" თიბისის 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. 200-მა სტიპენდიატმა პირველი სტიპენდია უკვე აიღო და მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს.

2018 წლის ბოლოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძო პირთან ერთად თიბისიმ ისეთი ნიჭიერი ბავშვების მოძებნა დაიწყო, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა მოიცვა ყველა სფერო და მთელი საქართველო: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა.

სტიპენდიატების პროექტის ფარგლებში სტიპენდიატები თიბისის ინიციატივით სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მთელი წლის განმავლობაში იქნებიან ჩართული. დაიგეგმება ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ისეთი ლექციები, შეხვედრები და ღონისძიებები, რომელთა მიზანიც სტიპენდიატი ბავშვების ცოდნისა და გამოცდილების განვითარება იქნება.