პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი სრულად გაუქმდება

პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი სრულად გაუქმდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წესების რეფორმაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაში, რომელიც N 6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე და მისი მოადგილეები მონაწილეობდნენ.

საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესების რეფორმას. მსჯელობის შედეგად შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდეს და სისტემა ეტაპობრივად გადავიდეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა პენიტენციურ სამსახურს უფრო მიმზიდველს გახდის ახალგაზრდებისთვის, ან მათთვის ვისაც კონტრაქტის საფუძველზე დააინტერესებს, რომ პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სფეროში იმსახუროს. „რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

ამიტომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სამუშაო შეხვედრის დროს მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ახალი დაწესებულებები, რომლებიც ლაითურში, ქსანში და რუსთავში უნდა გაიხსნას (სადაც მშენებლობები მიმდინარეობს, ან სამუშაოები დაგეგმვის პროცესშია), ჩვენ ახალი სისტემა გვექნება, ანუ ამ დაწესებულებების გარე პერიმეტრს დაიცავენ არა წვევამდელები, არამედ კონტრაქტით დასაქმებული პირები. რაც შეეხება 15 მოქმედ დაწესებულებას, აქ შევთანხმდით, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმის საფუძველზე ეტაპობრივად შევცვლით მოქმედ, ანუ ძველ სისტემას ახლით. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის სწორი რჩევებისთვის. მოგეხსენებათ, ის არის სამხედრო საქმის ექსპერტი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივას მხარი დაუჭირა ირაკლი სესიაშვილმა, რომლის თქმით, აღნიშნული წამოწყების განხორციელება ხელს შეუწყობს იმ მიზანს, რომ წვევამდელები მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში იყვნენ დასაქმებულები. „მივესალმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ პენიტენციურ სისტემაში ეტაპობრივად გაუქმდეს წვევამდელთა მიღება. ეს არის მთავრობის და პარლამენტის ერთიანი სულისკვეთება. დიახ, ჩვენ ვამბობთ, და გავატარებთ იმ პოლიტიკას, რომ ყველა წვევამდელი უნდა ემსახურებოდეს საერთო თავდაცვის და სამხედრო მიზნებს. ამიტომ კარგია, რომ პენიტენციურ სისტემაში წვევამდელების გაწვევა აღარ მოხდება, რაც რა თქმა უნდა, იმ დისკომფორტს მოხსნის, რაც (უნდა ვაღიაროთ) წვევამდელებს ამ სისტემაში სამსახურის დროს აქვთ. შესაბამისად, მეტი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ წვევამდელებმა იმსახურონ იმ უწყებებში, რომლებიც მოემსახურება თავდაცვის, უსაფრთხოების და სამხედრო მიზნებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.