თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს

თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს

ე.წ. “კაბელების საქმეზე” პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარ პროკურატურაში უნდა დაიბარონ. აღნიშნულის შესახებ “2020NEWS”-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა. ხიდაშელის თქმით, კობახიძემ საქმის ისეთი პასაჟები იცის, რაც გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

მისივე თქმით, საჭიროა მოხდეს კობახიძის დაკითხვა, რათა გახმაურებულ საქმეს ნათელი მოეფინოს. კაბელების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს დებატებში იწვევს, რათა როგორც ორმა იურისტმა, საქმის დეტალებზე იურიდიულ ჭრილში ისაუბრონ.

“კაბელების საქმეზე" პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადების შემდეგ, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. ამ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ირაკლი კობახიძე რამდენიმე მნიშვნელოვან პასაჟს შეეხო, რითაც საგამოძიებო უწყება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

როგორც ჩანს, კობახიძემ იცის, რომ ვიღაცამ თურმე მილიონები მოიპარა და ფული იშოვა. იცის ისეთი რამ, რაც ქართულმა მართლმსაჯულებამ არ იცის. იცის ის, რაც ჯერაც არ დადასტურდა, არც გამოძიებით და არც სასამართლოს მიერ. სწორედ ამიტომ, კობახიძე უკვე დაკითხული უნდა იყოს. ძალიან საინტერესოა, რა იცის ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ", - აცხადებს ხიდაშელი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან დებატებისთვის მზად არის. "ამ თემასთან დაკავშირებით, მზად ვარ კობახიძეს დებატებში დავუჯდე, რათა ნათელი მოვფინოთ ყველაფერს, როგორც ორმა იურისტმა. მერე ვნახოთ, ეს ყველაფერი რით დასრულდება", - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, გუშინ, გადაცემა "რეაქციაში" ირაკლი კობახიძემ "კაბელების საქმეზე" სკანდალური განცხადებები გააკეთა. კობახიძის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ "კაბელების საქმეზე" დანაშაული მოხდა, რომელიც სასამართლომდე მივიდა, თუმცა დანაშაული დაუსჯელი დარჩა. ცნობითვის, საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ე.წ. კაბელების პროექტს, რომლისთვისაც 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6 720 877 ლარი გამოიყო. პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მხოლოდ 2 618 005 ლარი იყო საჭირო.

სწორედ ამ რიცხვებს შორის სხვაობის - 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა 5 პირს. საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ და თბილისის საქალაქო სასაამრთლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ საპატიმრო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით დატოვეს.