ომბუდსმენის მოადგილემ ხორავას ქუჩის საქმის შესწავლისთვის დამატებით 6000 ლარიანი დანამატი აიღო

ომბუდსმენის მოადგილემ ხორავას ქუჩის საქმის შესწავლისთვის დამატებით 6000 ლარიანი დანამატი აიღო

იურისტი სოფია ხორგუანი, რომელმაც სახალხო დამცველი ოფისის ქირაში ყოველთვიურად 34 000 ლარის გადახდის გამო გააკრიტიკა, სოციალურ ქსელში – “ფეისბუქი” კიდევ ერთ სკანდალური ინფორმაცია, დართული დოკუმენტური მტკიცებულებებით გამოაქვეყნა:

„იმიტომ რომ აქ საჯაროდ დავდე პირობა, შევიტანდი წერილებს, საჯაროდ გამოვაქვეყნებ პასუხებსაც;

იმიტომ რომ არასოდეს არცერთმა ჩინმა, მოხელემ თუ რანგირებულმა არ გაბედოს ჩვენი, მოქალაქეების, დაცინვა ან აბუჩად აგდება;

იმიტომ რომ არ არსებობს სახელმწიფო ფული, ეს ჩვენი ყველას საერთო ფულია და მას უნდა გაუფრთხილდნენ;

იმიტომ რომ, როცა თანამდებობებს თანხმდებიან, პასუხისმგებლობაც ატარონ და რაც უფრო მაღალია სტატუსი, მეტია პასუხისმგებლობა, ისინი დაქირავებულნი არიან ჩვენს სამსახურში;

იმიტომ რომ არ არსებობს პრივილეგირებულთა კასტა სამოქალაქო საზოგადოებაში და ერთი მოქალაქე მთელს ინსტიტუტებზე მეტად ძვირფასია;

იმიტომ რომ ვერავინ დააზიანებს ინსტიტუტის რეპუტაციას ისე, როგორც ამ ინსტიტუტის წარმომადგენლის სიტყვა და საქციელი.

სახალხო დამცველის მოადგილემ, რომლის ყოველთვიური ხელფასი 6 ათასი ლარია, თავს უფლება მისცა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლისთვის დამატებით აეღო დანამატი 6 ათასი ლარის ოდენობით!“ – წერს სოფია ხორგუანი “ფეისბუქის” გვერდზე და ურთავს შესაბამის დოკუმენტურ მტკიცებულებას.