6 წლის ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია - ოჯახი იაშვილის კლინიკას ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს

6 წლის ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია - ოჯახი იაშვილის კლინიკას ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში  ბათუმიდან 6 წლის საბა კიწმარიშვილი გადმოიყვანეს. მრავლობითი დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული  საბა კიწმარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ბავშვი საავადმყოფოში თავდაპირველად ბათუმში მოათავსეს, რამდენიმე დღეში კი საჭირო გახდა მისი თბილისში გადმოყვანა.

ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. ბავშვს 4 სხვადასხვა დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა საბოლოო პასუხი ექიმებს კვლავაც არ აქვთ.

ბავშვის ბიძა გიორგი საფარიძე ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვას ითხოვს, რადგან მათ თურქეთის კლინიკაში უნდათ ბავშვის გადაყვანა. ოჯახი დახმარებას და საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას ითხოვს.

„მუცელში ჩაუდგა წყალი, ფილტვები დაეხურა და გუშინწინის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გახდა ძალიან კრიტიკული. ექიმი გვეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არისო, ამ დროს გამოვართვით ანალიზები ბავშვის, რა ანალიზები უკეთდებოდა და მოვითხოვეთ, რომ სტამბოლში წაგვეყვანა ბავშვი. ექიმმა გუშინ გვითხრა, რომ მე ვიღებ ყველაფერს ჩემს თავზეო და არ არის საჭირო ეს ყველაფერიო და დილამდე კიდევ დაველოდოთო. დილას უკვე არავინ არ დაგვკავშირებია და დავრეკეთ ბავშვს, სიცხე თუ აქვსო, სიცხე კი არა, ექიმი პირდაპირ გვეუბნება, ბავშვს ყველაფერი დაეხურა, მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი ბავშვიო“, - აცხადებს გიორგი საფარიძე.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კლინიკის სრული რესურსი იყო ჩართული.

ჩხაიძე ოჯახის პრეტენზიებსაც პასუხობს და აღნიშნავს, რომ კლინიკამ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტი მოთხოვნისთანავე გადასცა.

ივანე ჩხაიძის განმარტებით,  ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანა რეანიმობილით ან სპეციალური თვითმფრინავით არის მხოლოდ შესაძლებელი.

"ის იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე და მიმდინარეობს დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მშობლების პრეტენზიას, რომ ჩვენ დიაგნოზი არ მივეცით და დოკუმენტაცია არ გადავეცით, პაციენტის მშობლების მოთხოვნისთანავე ძირითადი დოკუმენტაცია, რომელიც მას სჭირდებოდა იმისთვის, რომ უზრუნველყო საზღვარგარეთ მისი წაყვანა, ეს არის ფორმა 100, მათ მიეცათ“, - განაცხადა ჩხაიძემ.