სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ხელფასს ქველმოქმედებას და საინტერესო იდეების განხორციელებას მოახმარს

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ხელფასს ქველმოქმედებას და საინტერესო იდეების განხორციელებას მოახმარს

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი პრეზიდენტის ხელფასისა და პენსიის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“პრეზიდენტის ხელფასს ვერავინ გააუქმებს, თვით პრეზიდენტიც კი. სალომე ზურაბიშვილს პირადი საჭიროებისთვის ფრანგული პენსიაც ჰყოფნის და ამიტომ პრეზიდენტის ხელფასი გადაირიცხება პრეზიდენტის ფონდში, ანუ პირადად სალომე ზურაბიშვილი არ მოიხმარს, თორემ თანამდებობრივი სარგო კანონის მიხედვით გაიცემა.

პრეზიდენტის ფონდი საზოგადოებრივ და კერძო საწყისებს დაეფუძნება და ნოვაციებს, ქველმოქმედებასა და საინტერესო ინიციატივებს დააფინანსებს.

რაც შეეხება ფრანგულ პენსიას, მას საფრანგეთის მთავრობა არ იხდის, ეს არის ფრანგულ საპენსიო ფონდში დაგროვილი და ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველთვიური სარგო. ამიტომ პრეზიდენტის ხელფასთან მას არავითარი კავშირი არ აქვს და მისი პირადი მიზნებით გამოყენების შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილს პენსიას ვერავინ შეუწყვეტს.

მისასალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა პრეზიდენტის ფონდის შექმნა და პრეზიდენტის ხელფასის ამ ფონდში გადარიცხვა, რადგან ოფიციალურად პრეზიდენტის ფონდი არ არსებობს და ეს ახალი ფონდი ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება.

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ხელფასს ქველმოქმედებას და საინტერესო იდეების განხორციელებას მოახმარს და ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ გვყავს ხალხის პრეზიდენტი.

მგონი, გასაგებად ავხსენი და ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დამთავრდეს. მათ შორის, სპეკულაციები იმაზე, თუ რატომ ვფიქრობ, რომ ჩვენ საუკეთესო პრეზიდენტი გვყავს.”– წერს ბონდო მძინარაშვილი.