ფოთში დაკავებებისა და ტერორის სერია დაიწყო(VIDEO)

ფოთში დაკავებებისა და ტერორის სერია დაიწყო(VIDEO)

 

„ქართული  ოცნებაში“ მათი აქტივისტებისა და მხარდამჭერების  მიმართ დაგეგმილ და დაწყებულ პროვოკაციებსა და დაჭერებზე საუბრობენ. ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბში თვლიან, რომ  ხელისუფლება ამით ცდილობს შეიქმნას „სამართლებრივი საფუძვლები“ პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების განსახორციელებლად“.

ორ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით, გუშინ გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„2012 წლის 22 სექტემბერს, ფოთში, ახალ რაიონში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ემზადებოდნენ აქციაზე წასასვლელად, რა დროსაც მათთან მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი თემურ კარბაია, რომელმაც მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტმა გიზო ცაცუამ აღნიშნული პიროვნება გაიყვანა გვერდით და მოუწოდა დამშვიდებისაკენ. ინციდენტი ამით აღმოიფხვრა. 

2012 წლის 23 სექტემბერს, შემთხვევის ადგილზე მყოფ ორ პიროვნებას, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს: გიზო ცაცუას და გოდერძი შონიას მიაკითხეს სახლში პოლიციელებმა და დაიბარეს დაკითხვაზე, რის შემდეგაც ისინი დააპატიმრეს“, - განაცხადა ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ეკა ბესელიამ.

დასახელებული ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბელა ბრეგვაძემ, მეორე დღეს განცხადებით მიმართა ფოთის პოლიციის სამმართველოს.

ასევე, 2012 წლის 23 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მაჟორიტარის შტაბს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ბესიკ მატკავამ, რომელსაც დილით ავტომანქანიდან უცხო პირები დაემუქრნენ ორი მცირეწლოვანი შვილის მისამართით, თუ არ დაანებებდა თავს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას. მატკავა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ უნომრო მანქანის მიუხედავად, მასში მსხდომი ორი პიროვნების ამოცნობა შეუძლია.

ადვოკატების შეგვატყობინეს, პოლიციაში დასაკითხად მიყვანილი გიზო ცაცუა და გოდერძი შონია ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევებად ცნეს და დააკავება ამის შემდეგ მოხდა. 

„მათი დაკავება აშკარად უკანონოა  და პირდაპირი დევნაა  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ და შედეგია ხელისუფლების მხრიდან ამოქმედებული პოლიტიკური რეპრესიისა.

აღნიშნულ მორიგ უკანონობაზე უკვე შევატყობინებთ ყველა უფლებადამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სწრაფი და ეფექტური რეაგირების მიზნით“, - აცხადებს ბესელია.

„ასევე გახშირდა ჩვენს მხარდამჭერებზე პოლიციის მანქანების მხრიდან დევნის ფაქტები. დევნა და თვალვალია შტაბის თბილისის ჯგუფის წვერებზე, პოლიცია თვალთვალს ახორციელებს მათ საცხოვრებელ სახლებზე და ფაქტობრივად, ბინის მეპატრონეების მიმართ დაკითხვას აწარმოებს.

ჩვენ მიერ თვალთვალში შემჩნეულია ავტომანქანა მერსედესი სახელმწიფო ნომრით FAF -207, ოპელ ასტრა BSK -300, BMW -მარკის ნომრით -LAL-444“, - ამბობს ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი.

დაკავებულებთან დაკავშირებით, ფოთის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.